ახალი ამბები

გაეროს მომხსენებელი: გრანტების წინააღმდეგ კანონი შემაშფოთებელია

17 აპრილი, 2025 •
გაეროს მომხსენებელი: გრანტების წინააღმდეგ კანონი შემაშფოთებელია

გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში მერი ლოულორის განცხადებით, აკრიტიკებს გრანტების შემზღუდავ კანონს.

„შემაშფოთებელი ამბები მესმის საქართველოს პარლამენტში დაჩქარებული პროცედურის შედეგად მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ზღუდავს უცხოურ გრანტებს. ძალიან შემაშფოთებელია ადგილობრივი ადამიანის უფლებათა დამცველებზე [კანონის მოსალოდნელი] ზემოქმედება. არ არის გვიან — ეს არ უნდა იქნას ხელმოწერილი და უნდა გაიმართოს კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოებასთან“, — წერს ლოულორი.

თუმცა გრანტების წინააღმდეგ კანონს მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მიღების დღესვე, 16 აპრილს მოაწერა.

„ქართულმა ოცნებამ“ მესამე მოსმებით მიიღო კანონპროექტი, რომელიც მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღებას კრძალავს.

სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ მორიგი რეპრესიული კანონი „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 2 დღეში განიხილა და დაამტკიცა.

ცვლილებები ამჯერად გრანტის გამცემს (დონორს) ავალდებულებს, რომ შესაბამისი თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს მიმართოს და წარუდგინოს საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.

შესაბამისი თანხმობის მისაღებად გრანტის გამცემმა სუბიექტმა საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უნდა წარუდგინოს საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.

აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვრება ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი