დღეს, 14 აპრილს, „ქართული ოცნების“ პარლამენტში თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გამოკითხეს.
ეს კომისია თავდაპირველად „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მაღალჩინოსნების საქმიანობის შესასწავლად შეიქმნა, თუმცა შემდეგ მისი მანდატი გაფართოვდა და ახლა იქ პრაქტიკულად ყველა იმ ადამიანის დაბარებაა შესაძლებელი, ვისაც “ოცნება” ჩათვლის საჭიროდ.
გიორგი გახარიას მოსმენისას სხდომის ძირითადი ნაწილი 2019 წლის 20 ივნისს შეეხებოდა, რომელიც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლასა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოჰყვა.
გახარიას განცხადებით, მაშინ დარწმუნებული იყო, რომ რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩენა „იდიოტური შეცდომა“ იყო, თუმცა დღეს ასე აღარ ფიქრობს.
“იმიტომ, რომ ის პროცესები, რომელიც შემდგომ მოხდა, 2021 წლის 18 თებერვალს, ჩემი გადადგომის ღამეს, ძალიან იდენტურად იმეორებდა ყველაფერს, რაც იყო 20 ივნისს. ამის ცოცხალი მაგალითი ხართ თქვენ [თეა წულუკიანი], ქალბატონო თავმჯდომარე. იმ ღამეს თქვენ, როგორც სხვა ბევრი, როდესაც ინფორმაციას გაწვდიდით და საქმის კურსში გაყენებდით მიმდინარე ოპერატიულ მდგომარეობაზე, როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე მთავრობას, თქვენ, უმრავლესობა ემხრობოდით იმ პოზიციას, რომ იმ ფორმით და იმ ღამეს მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა. ზუსტად მახსოვს თქვენი სიტყვები, რომ თქვენ, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, „ნაცების“ ოფისს მიანიჭებდით პენიტენციური დაწესებულების ნომერს და თვლიდით, რომ ეს იქნებოდა დიდი შეცდომა. თუმცა მაშინაც, 2021 წლის 18 თებერვალს, უჩინარი კაცი, როგორც ჩანს, ჩაერთო პროცესების მართვაში და თქვენ ყველას შეგაცვლევინათ აზრი, ზუსტად ერთ საათში თითოეული თქვენგანი, ყველა გაქრა. მე დღეს დასაბუთებული და გონივრული ეჭვი მაქვს, რომ შესაძლებელია რაიმე მსგავსი მოხდა 2019 წლის 20 ივნისსაც“, – განაცხადა გახარიამ.
გარდა ამისა, გახარიამ თქვა, რომ ფართო კონტექსტის გასააზრებლად მასთან ერთად კომისიამ ბიძინა ივანიშვილიც უნდა გამოკითხოს.
„ფართო კონტექსტის გასააზრებლად, ჩემთან ერთად, ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს გავრილოვის ჩამომყვანი, მისი მასპინძელი, ადამიანი, რომელმაც აიღო ყველა სახის გარანტია და პასუხისმგებლობა თავის თავზე, რომ გავრილოვის ჩამოყვანის შედეგად შექმნილი რისკები არ იქნებოდა დამაზიანებელი და იქნებოდა მართვადი და ამის შემდგომ დაჯდა და გაიპარა.
მე ვთვლი, რომ უნდა გამოკითხოთ გენერალური პროკურორი, რომელიც ამდენი ხანი იძიებდა ამ საქმეს და სტრასბურგმაც სწორედ ამაზე მიანიშნა, რომ გამოძიება არის გახანგრძლივებული. მე ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა გამოკითხოთ სუს-ის ხელმძღვანელი, რომელსაც წინასწარ უნდა გადაეზღვია ეს რისკები, რაც მისი პირდაპირი ვალდებულებაა და ინფორმაცია მიეწოდებინა სხვადასხვა უწყებისთვის.
მე არ ვიცი, თქვენ ამას გააკეთებთ თუ არა, მაგრამ თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ ეს კომისია იქნება ნახევარი სიმართლის კომისია. შესაბამისად, ტყუილი სიმართლე“, – განაცხადა გახარიამ.
როგორ შემოვიდა გავრილოვი საქართველოში და როგორ მოხვდა თავმჯდომარის სკამში
გიორგი გახარია, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, აცხადებს, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოსვლა მიზანშეწონილად არ მიაჩნდა.
გახარიას თქმით, გავრილოვის საქართველოში შემოსვლაზე პასუხისმგებლობა პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აიღო.
„როდესაც ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება იგეგმებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოვიდა რუსეთის მოქალაქეების სია, რომლის შემოსვლაც იყო დაგეგმილი. მაშინ ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ისევე როგორც სუს-მა, კატეგორიული უარი განვაცხადეთ ამ ხალხის შემოსვლაზე. იქ იყო დაახლოებით 10 თუ 12 კაცი, ბევრად უფრო ოდიოზური გვარები იყო, ვიდრე გავრილოვი. ეს ხალხი იყო ყველა „დაბრაკული“ – მათ ნაწილს ჰქონდა [ოკუპაციის] კანონი დარღვეული, ამ ვაჟბატონს [გავრილოვს] არ ჰქონდა კანონი დარღვეული, მაგრამ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ეს კაცი არ შემოგვეშვა. ჩვენ ვთქვით, რომ ამას არ ვუშვებთ. ატყდა ერთი ამბავი, პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები, ამ ხალხის შემოსვლაზე კატეგორიულად განვაცხადეთ უარი.
ამის შემდეგ ამ საკითხში იმდენად დეტალებში ვიყავით შესული, რადგან ეს მართლა სერიოზული რისკი იყო, მაშინ პარლამენტის ხელმძღვანელობამ აიღო კონკრეტულად პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ამ კაცის შემოშვების შემდეგ… ეს პარლამენტის ხელმძღვანელობა იყო კობახიძე. თქვენ კი იძახით, ქვეყნის გარეთ იყოო, მაგრამ ღვინოს მე ვსვამდი, კაცო, გავრილოვთან?! მე ჩავსვი გავრილოვი პარლამენტის სავარძელში?!“, – აცხადებს გახარია.
გახარიას თქმით, მას პარლამენტის ხელმძღვანელობისგან ჰქონდა პირობა, რომ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას არა სერგეი გავრილოვი, არამედ მისი ბერძენი მოადგილე წარუძღვებოდა.
„ეს ღონისძიება, რომელიც იყო საერთაშორისო ღონისძიება, ამით დაგვიწყეს შანტაჟი, რომ საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა ქვეყანაო და გინდა თუ არა, უნდა შემოვიყვანოთო. მაინც კატეგორიულ წინააღმდეგი რომ ვიყავით, მერე თქვეს, რომ მას [გავრილოვს] ჰყავდა მოადგილე და ვიღაც სხვა იქნებოდა ამ კონფერენციის ხელმძღვანელი. ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა.
ამათ საღამოს მოუწყვეს რესტორანში ქეიფი, ღვინო დალიეს, ჭიქები უჭახუნეს, დასხდნენ თვითმფრინავში და წავიდნენ. ეს იყო სიმართლე და რეალობა. ვინც აიღო პასუხისმგებლობა ამ კაცის საქართველოში ჩამოყვანაზე და შემდეგ იმაზე, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ვერავის ვერ დაურეკავდი. ვერც ერთი პოლიტიკური პასუხისმგებელი პირი, რომლის მოძებნაც მაშინ გვინდოდა, ხაზზე ვერ ვიპოვეთ. ეს იყო რეალობა“, – განაცხადა გახარიამ.
წულუკიანმა გახარიას მიმართა, რომ უფრო მეტი მტკიცებულება დასჭირდებათ იმისთვის, მართლაც წინააღმდეგი იყო თუ არა გახარია გავრილოვის საქართველოში შემოშვებასთან დაკავშირებით.
„ის, ვინც იყო მასპინძელი, ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი, თქვენგან განსხვავებით, აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და არავის აღარ უნახავს პოლიტიკურ ველზე, ის იყო მასპინძელი… მან აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა არა თვალის დათხრაზე, არამედ გავრილოვის შენობაში ყოფნაზე და მის მოწვევაზე“, – მიმართა წულუკიანმა გახარიას.
წულუკიანის პასუხად გახარიამ თქვა, რომ მასპინძელი მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იყო.
„ირაკლი კობახიძე ამ დროს იმყოფებოდა ბაქოში და აქ იყო პირველი ვიცე-სპიკერი ქალბატონი ჩუგოშვილი, რომელსაც მე დავურეკე და ვკითხე „თამარ, როგორ მოხვდა გავრილოვი დარბაზში?“ ქალბატონმა თამარმა მითხრა- „აბა, მე რა ვიცი, დარბაზში როგორ აღმოჩნდა“. ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არც მასპინძელი იყო და არც ადგილზე იმყოფებოდა, კობახიძემ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგა. ერთადერთი, ვინც არ გადადგა, იყავით თქვენ“, – მიმართა წულუკიანმა გახარიას.
პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმაც. მანაც გაიმეორა, რომ ეს პასუხისმგებლობა ირაკლი კობახიძემ აიღო, „რომელსაც არანაირი ბრალეულობა არ ჰქონდა“ დამდგარ შედეგზე.
ვინ იყო პარლამენტში 20 ივნისის ღამეს
გიორგი გახარიას თქმით, მაშინ, როცა პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, შენობაში მისული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ეძებდა და მათ საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებას ცდილობდა.
გიორგი გახარიას გურამ მაჭარაშვილმა ჰკითხა, მაშინ პარლამენტში ვინ იმყოფებოდა.
„თავიდან მართლა არავინ არ იყო [პარლამენტში „ოცნების“ წარმომადგენლებიდან], მერე ბევრი მოვიყვანეთ და ბევრი თვითონაც მოვიდა… ზოგიერთს წყალი მივაწოდე, ზოგიერთს ყავაც დავუსხი… არ მახსოვს [ვინ იყო]“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პასუხად თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მისთვის აბსურდია, შს მინისტრი შტურმის მოგერიების ნაცვლად თუ ყავას უსხამდა დეპუტატებს. წულუკიანის თქმით, იმ დეპუტატების სია, ვინც მაშინ პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა, ვრცელია და ისინი თავად გასცემენ გახარიას პასუხს.
გახარიას მაჭარაშვილმა ჰკითხა, იმ ოთახში, სადაც იმყოფებოდა ხოლმე, ხომ არ იყო ვინმე მნიშვნელოვანი უწყების წარმომადგენელიც, მისი მოადგილეების და დეპუტატების გარდა. რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ ბევრი სხვადასხვა მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, თუმცა არავინ დაუსახელებია.
ამის შემდეგ გახარიას კიდევ ერთი კითხვა იმ ადამიანებზე, ვინც მაშინ პარლამენტში იმყოფებოდა, სოზარ სუბარმა დაუსვა. სუბარის თქმით, თავად იყო ერთ-ერთი იმ ადამიანებს შორის, რომელიც მაშინ პარლამენტში იმყოფებოდა და ახსოვს, ვინ იყო შენობაში.
სოზარ სუბარის თქმით, იმ ღამეს პარლამენტის შენობაში გახარიას გვერდით მაშინდელი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძეც იყვნენ.
„თქვენ არ გახსოვთ, ამ მნიშვნელოვან ღამეს ვინ იყო თქვენ გვერდით და რა ბრძანებებს გასცემდით. იძულებული ვარ, მცირედით განგიახლოთ მეხსიერება. მე ვიყავი იქ და ვიცე-სპიკერის ოთახი პარლამენტის წევრებით იყო სავსე, იყვნენ მთავრობის წევრებიც. გვერდით ოთახში, საიდანაც თქვენ ბრძანებებს გასცემდით, იქ მაინც გემახსოვრებათ, ვინ იყვნენ თქვენთან ერთად მუდმივად, გახსოვთ? – სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იყო თქვენ გვერდით, რომელსაც, წესით, უნდა ახსოვდეს, რა ბრძანებებს გასცემდით. მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე იყო თქვენ გვერდით, რომელსაც, წესით, უნდა ახსოვდეს, რა ბრძანებებს გასცემდით“, – მიმართა სუბარმა გახარიას.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, მაშინ სახალხო დამცველი არა პარლამენტის შენობაში, არამედ რუსთაველის გამზირზე უნდა ყოფილიყო და მოქალაქეების უფლებები დაეცვა.
„ძალიან სერიოზული ამნეზია დაგმართვიათ, მაგრამ იმედი მაქვს, ქალბატონ ლომჯარიას და მის მოადგილეს, ბატონ ბურჯანაძეს ასეთი ამნეზია არ აქვთ და თუ არ აქვთ, მაშინ ისინი გაიხსენებენ, რომ როდესაც თქვენ გადაწყვიტეთ აქციის დაშლა, მე პირადად, გითხარით თქვენ, „გიორგი, მე ნანახი მაქვს ჩემი თვალით, რა უბედურება მოაქვს რეზინის ტყვიას, ნანახი მაქვს 2009 წლის 6 მაისს, ნანახი მაქვს 2011 წლის 26 მაისს და ამიტომ, სრულიად საკმარისი ძალა არის იმისთვის, რომ გაზით, წყლის ჭავლით, თუ ამის გამოყენება აუცილებელია, დავშალოთ. რეზინის ტყვიები არ გავარდეს“. თქვენ დაშლის ბრძანება გაეცით. კი არ გითქვამთ, რომ რეზინის ტყვია გავარდეს, უბრალოდ, საერთოდ არ გიხსენებიათ რამე კონკრეტული და რადგანაც დაშლის ბრძანება იყო გაცემული, როგორ ჩანს, ავტომატურად ესეც იგულისხმებოდა, ასე იქნებოდით შეთანხმებული.
იმ ოთახიდან, ზემოდან არ ჩანდა, მეორე ოთახში რომ გავედი და დავინახე ტელევიზორში, რა უბედურება ტრიალებდა, თქვენთან შემოვედი და გითხარით, „გააჩერე რეზინის ტყვიების სროლა იმიტომ, რომ უბედურება ტრიალებს.“ თქვენი ცინიკური პასუხი იყო, რომ რაღაც ძველი დროის კადრებს ატრიალებენო. იქნებ ესეც გაიხსენოთ, თუ არ გახსოვთ?“- მიმართა სუბარმა გახარიას.
პასუხად გახარიამ სუბარი ტყუილში დაადანაშაულა. მისი თქმით, თუ ის სიმართლეა, რასაც სუბარი ჰყვება, მაშინ მას კომისიაში ყოფნისთვის ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
„ახლა რაც თქვა, ეს არის ჩვენება, რომელიც უნდა მიეცა გამოძიებისთვის. ჩვეულებრივი ინტერესთა კონფლიქტია – ეს ბატონი თუ არის მოწმე, რა უნდა კომისიაში?! ახლა რაც მოჰყვა, ეს ჩვენება გამოძიებისთვის მიცემულია? გამოძიება 6 წელია მიმდინარეობს, თქვენ ხართ დეპუტატი, ყოფილხართ ადგილზე, რაც მართლა არ მახსოვს. თურმე თქვენთან მილაპარაკია, თქვენ რჩევები მოგიციათ ჩემთვის, მე ამ რჩევებზე რაღაც პასუხი გამიცია, თქვენ თურმე აქ ყოფილხართ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი და ეს პროკურატურას მოახსენეთ?“-მიმართა გახარიამ სუბარს.
ვინ რა ბრძანება გასცა 20 ივნისს
საგამოძიებო კომისიაზე მისულ გიორგი გახარიას კითხვები დაუსვეს 20 ივნისის ღამის აქციის დაშლისას გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებზე, მათ შორის რეზინის ტყვიებზე.
კერძოდ, თეა წულუკიანმა ჰკითხა, ვინ გასცა ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე.
გახარიას თქმით, მან ბრძანება მხოლოდ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებაზე გასცა.
რაც შეეხება რეზინის ტყვიებს, როგორც გახარია ირწმუნება, მისთვის უცნობია, ვინ გასცა მათი გამოყენების ბრძანება.
„ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, შესაბამისი გეგმის და პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ეხებოდა ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს, გავეცი მე. სხვა შემთხვევებში, სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. ზუსტად იგივე პასუხი არის დაკითხვის ოქმშიც“, – განაცხადა გახარიამ.
წულუკიანის დამაზუსტებელ კითხვაზე, რეზინის ტყვიები ადგილზე მყოფმა კონკრეტულმა შეიარაღებულმა დანაყოფებმა თვითნებურად ხომ არ გამოიყენეს, გახარია პასუხობს:
„მე რომ მცოდნოდა, რომ ასეთ ბრძანება არსებობდა, ან ვინმემ გასცა, რა თქმა უნდა, მე ამას დაკითხვის დროს გამოძიებას შევატყობინებდი. შესაბამისად, მე არ ვიცი [სხვამ გასცა თუ არა ბრძანება]“, – განაცხადა გახარიამ.
კითხვაზე, ხომ არ აქვს ეჭვი, რომ მის ნაცვლად სხვამ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება, გახარია პასუხობს:
„მე არაფერი არ მაქვს. მე ვამბობ, რომ შესაბამისად, არ ვიცი.“
წულუკიანმა ასევე ჰკითხა გახარიას, რა თანმიმდევრობით გამოიყენა სხვადასხვა საშუალებები და რა მომენტში იქნა ტყვიები გამოყენებული.
„ზუსტად იმ თანმიმდევრობით, რომელიც არის პოლიციის შესახებ კანონში. ჯერ ცრემლსადენი გაზი, შემდეგ წყლის ჭავლი… სადღაც შუაში, ცრემლსადენ გაზსა და წყალს შორის მოხდა ტყვიების გამოყენება“, – განაცხადა გახარიამ.
გახარიას თქმით, როდესაც მან შეიტყო, რომ რეზინის ტყვიები იყო გამოყენებული, ბრძანება გასცა, რომ რეზინის ტყვიების სროლა მაქსიმალურად ყველას შეეწყვიტა.
„ყველა უკიდურესად, კატეგორიულად იყო გაფრთხილებული, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ან მოქალაქეების სიცოცხლეს პირდაპირი რისკი ემუქრებოდა, პოლიციის კანონის შესაბამისად ემოქმედათ. ეს იყო. ეს ბრძანება [რეზინის ტყვიების გამოყენების აკრძალვაზე] მე გადავეცი, გავეცი ჩემს მოადგილეებს“,- განაცხადა გახარიამ.
გახარიას წულუკიანმა ჰკითხა, რომელ მოადგილეს მისცა ეს ბრძანება და რა ფორმით.
„ეს იყო ტელეფონით თუ გვერდით ეჯდა და ისე უთხრა? და რამდენად სწორად ჩაიშალა გაცემული ბრძანება და მივიდა კონკრეტულ ინდივიდებამდე“, – ჰკითხა წულუკიანმა.
„როგორც მახსოვს, რაციით იმიტომ, რომ მაშინ კავშირგაბმულობის პრობლემა იყო, ვსარგებლობდი რაციით და შესაბამისად, ვინც რაციაზე იყო, ამას ყველა გაიგებდა. [რაციაზე იყვნენ] მოადგილეები და ხელმძღვანელი თანამდებობის პირები. არ მახსოვს ახლა ასე გვარები, ექვსი წელია უკვე გასული“, – განაცხადა გახარიამ.
როგორც გახარია ამბობს, მისი ბრძანების საპასუხოდ მასთან დასტური შევიდა, თუმცა ამის შემდგომ რეზინის ტყვიები მაინც გამოიყენეს.
ამასთან, გახარია ამბობს, რომ არ ახსოვს, ვინ იყო მასთან ერთად მაშინ, როცა რეზინის ტყვიების გამოყენების შეწყვეტაზე ბრძანება გასცა.
2019 წლის 20 ივნისს საქართველოს ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოსვლას აპროტესტებდნენ.
პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.