ახალი ამბები

თეა წულუკიანი საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “ვიღაცის პიარისთვის უაზროდ გაწირულს” უწოდებს

12 აპრილი, 2025 •
თეა წულუკიანი საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “ვიღაცის პიარისთვის უაზროდ გაწირულს” უწოდებს

“ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თეა წულუკიანი საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “ვიღაცის პიარისთვის უაზროდ გაწირულს” უწოდებს. ვიღაცაში ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გულისხმობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2008 აგვისტოს ომზე საუბრისას, წულუკიანმა ანწუხელიძე 5 წუთის შუალედში ორჯერ ახსენა: თავდაპირველად ის ამტკიცებდა, რომ გიორგი ანწუხელიძის ღირსება “ქართულმა ოცნებამ” დაიცვა სტრასბურგის სასამართლოში მაშინ, როცა დღეს მის სახელს “ლაჩრები და უპასუხისმგებლო მავნებლები” არიან ამოფარებულები. რამდენიმე წუთში კი მას “ვიღაცის პიარისთვის უაზროდ გაწირული” უწოდა.

“ანწუხელიძის გვარს, გმირის გვარს რომ დღეს ლაჩრები და უპასუხისმგებლო მავნებლები არიან ამოფარებულები, აი, იმ ანწუხელიძის ღირსება ჩვენ დავიცავით სტრასბურგში. სტრასბურგის განაჩენში ქართული ოცნების ძალისხმევით ჩაიწერა, რომ ანწუხელიძე ოკუპანტმა ძალებმა აწამეს და მოკლეს სეპარატისტებთან ერთად. ასევე, რატომ ავიწყდებათ, რომ იქ მარტო არ იყო ანწუხელიძე?! იქ იყო კახაბერ ხუბულური, იქ იყო შმაგი სოფრომაძე – მათი ღირსება სამართლებრივად ჩვენ დავიცავით რუსეთის წინააღმდეგ […]

ჩვენი მიზანია, იმ პოლიტიკური თანამდებობის პირების – სააკშვილის კეზერაშვილის, მერაბიშვილის, მისი მოადგილე ჯანაშვილის და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების შესწავლა და შეფასება – რატომ მოხდა ის, რაც მოხდა?! მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში?! მე მაქვს, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, დავსვა ეს კითხვა. ვინ ამიკრძალავს ამ კითხვის დასმას?! ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობთ.

კითხვას ვსვამთ – თუ ეს აღმოჩნდა რომ ასე იყო, ჩვენ რა თქმა უნდა ვიტყვით და ვამბობთ, რომ ეს ხალხი გმირები არიან. როდესაც ისინი მიატოვა უმაღლესმა მთავარსარდალმა, როდესაც ისინი გაწირა გაერთიანებული ძალების შტაბის ხელმძღვანელმა ზაზა გოგავამ – ასე გამოვიდა, იმიტომ, რომ მან დაუშვა ის, რაც არ უნდა ხმა აემაღლებინა კომისიის წევრებზე, რასაც მე არასდროს არ დავითმენ, იქ მოვითმინე იმიტომ, რომ ეს არის ჩემი ვალდებულება. როდესაც გაერთიანებული შტაბების გენერალი ხმას უწევს – გეგონება მოგებული ომის გენერალი იყოს და ვერ სცემს პასუხს კითხვაზე, რატომ არ გამოიყვანა მან მშვიდობიანი მოსახლეობა, ვინმემ დაავალა?! რაც მე მგონია, რომ მას ეს დაავალეს. სააკაშვილის მიზანი არ უნდა ყოფილიყო იქიდან მშვიდობიანი მოსახლოების გამოყვანა იმიტომ, რომ შემდეგ ლამაზად უნდა დამდგარიყო ტრიბუნასთან და ეთქვა, რომ შეხედეთ ხალხო, მსოფლიო, შეხედეთ, რუსეთი რა ბოროტია – თითქოს გვჭირდება ჩვენ, ვინმეს ამის ახსნა, ვინ არის რუსეთი – ამდენი ხალხი ჩამიხოცა. მე მაქვს ეჭვი, რომ ეს ამისთვის სჭირდებოდა. რაკი მაქვს ეჭვი, ამიტომ ვსვამთ კითხვებს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი საუბრობს დროებით საპარლამენტო კომისიაზე, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ერთპარტიულ პარლამენტში ენმ-ისა და მისი მაღალჩინოსნების საქმიანობის შესასწავლად შექმნა. კომისიას სწორედ წულუკიანი ხელმძღვანელობს.

თავდაპირველად კომისიას უნდა შეესწავლა 2003-დან 2012 წლამდე მომხდარი მოვლენები. თუმცა, მოგვიანებით მისი მანდატი გააფართოვეს და 2012 წლიდან დღემდე მოვკენებზეც გაავრცელეს.

ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც კომისია შეისწავლის 2008 წლის აგვისტოს ომია. 27 და 28 მარტს კომისიის სხდომაზე გამოკითხეს აგვისტოს ომის მონაწილე გენერლები, ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი. კომისიის მუშაობის პარალელურად “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებმა გაააქტიურეს საკითხი – თუ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი. მათი განცხადებები და კომისიის მუშაობის მიმდინარეობა აჩენს ვარაუდს, რომ შესაძლოა, კომისიის დასკვნით ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულონ.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი