საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში(სტრასბურგი) წერილობითი პოზიცია წარადგინა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულთა ორ საქმეზე რუსეთის ფედერაციისგან კომპენსაციის მიღების თაობაზე.
საქმეები ეხება ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი ქართველი სამხედროების, მათ შორის გიორგი ანწუხელიძის წამებასა და მკვლელობას. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებებით მძიმე მატერიალური და მორალური ზიანი მიადგათ.
როგორც საიას ახალი თავმჯდომარე, თამარ ონიანი აცხადებს ორგანიზაციამ წერილობითი პოზიცია თავად სასამართლოს მოთხოვნით წარადგინა. პრაქტიკის მიხედვით, ეს ნიშნავს, რომ სასამართლო ემზადება გადაწყვეტილებების მისაღებად.
რას ეხება საქმეები
საიას ინფორმაციით, წარდგენილი პოზიცია ორ ძირითად საქმეს მოიცავს:
ჩიკვილაძე და ანწუხელიძე რუსეთის წინააღმდეგ: საქმე ეხება 2008 წლის აგვისტოში გიორგი ანწუხელიძის უკანონო დაკავებას, წამებასა და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას. ანწუხელიძე თვეების განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე 2008 წლის დეკემბერში არ დადასტურდა, რომ მას სიცოცხლე განზრახ მოუსპეს. საიაში აცხადებენ, რომ მისი წამების ფაქტები ვიდეომტკიცებულებებითაც დასტურდება, თუმცა დამნაშავეები ამ დრომდე არ დასჯილან. ამ საქმეში მომჩივნები გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე და მისი შვილები არიან.
ქართველი სამხედროების მეორე საქმე: საქმე ეხება ცხინვალში დაკავებულ კიდევ 7 ქართველ სამხედროს, რომლებიც ტყვეობაში 2008 წლის 19 აგვისტომდე იმყოფებოდნენ. რუსეთის კონტროლის ქვეშ მოქმედმა ძალებმა ისინი აწამეს და არაადამიანურად მოეპყრნენ. ამ ჯგუფიდან ორ სამხედროს განსაკუთრებული სისასტიკით მოუსპეს სიცოცხლე. აღნიშნული დანაშაულები ამ დრომდე გამოუძიებელია.
სამართლებრივი საფუძვლები
საია დავობს ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევაზე, მათ შორისაა: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი), წამების აკრძალვა (მე-3 მუხლი) და დისკრიმინაციის აკრძალვა (მე-14 მუხლი).
ორგანიზაციის განმარტებით, აღნიშნული დანაშაულები ჩადენილია დისკრიმინაციული მოტივით — დატყვევებული პირები ეთნიკური ქართველები იყვნენ. შესაბამისად, საია რუსეთისგან ითხოვს როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანის ანაზღაურებას.
რუსეთის ვალდებულება
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი 2022 წელს ევროპის საბჭოდან გააძევეს, მას მაინც ეკისრება ვალდებულება, აგოს პასუხი 2022 წლის 16 სექტემბრამდე ჩადენილ დარღვევებზე. საია იშველიებს სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის 2023 წლის პრეცედენტულ გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 130 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.
საიამ სასამართლოს ასევე მიმართა თხოვნით, შეიქმნას კომპენსაციის აღსრულების საერთაშორისო მექანიზმი, რათა დაზარალებულებმა კუთვნილი ანაზღაურების მიღება შეძლონ.
ცნობისთვის: საია სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომთან დაკავშირებულ 53 საჩივარს აწარმოებს და 400-მდე დაზარალებულის ინტერესებს იცავს.








