TV პირველის ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს შსს-მ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა ფეისბუქ-პოსტის გამო. საუბარია ორი დღის წინ, 6 აპრილს, ჯიოშვილის მიერ საკუთარ პროფილზე გამოქვეყნებულ ვიდეოებს და თანდართულ ტექსტს, სადაც პოლიციელებს აგინებს. შსს-მ მას ოქმი პოლიციელის შეურაცხყოფის მოტივით შეუდგინა.
ჯიოშვილის ინფორმაციით, სასამართლო სხდომა 10 აპრილს, 11:15 საათზე გაიმართება.
“დავდე კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტი პატრულის მხრიდან, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვიხსენიებ ისე, როგორც ეკუთვნოდათ. ვიძახი, რომ თქვენი უნიჭო დედაც მო****ნ-მეთქი. ისევ მაგ აზრზე ვარ. რა თქმა უნდა, წაშლას არ ვაპირებ. შევხვდებით სასამართლოში.
ადამიანები, რომლებიც კრიმინალს უნდა ებრძოდნენ, სხედან და ჩემს ფეისბუქ სტატუსებს უთვალთვალებენ. მეცინება. ბოდიში, მართლა მეცინება. ძალიან სასაცილოები ხართ. თუ გგონიათ, მაგით რაღაცას თქვენს სასიკეთოდ შეცვლით, მინდა გითხრათ, რომ უარესისკენ ცვლით”, – ამბობს ჯიოშვილი.
რა პოსტის გამო შეუდგინეს ოქმი ჯიოშვილს?
6 აპრილს ჯიოშვილმა გამოაქვეყნეა რამდენიმე ვიდეო, სადაც ჰყვება, რომ გორის საკრებულოსთან ტრადიციული შეკრების დროს, მოქალაქეებს ჩაუარა მანქანამ და აგრესიული ფრაზებით მიმართა. იქვე მდგომი საპატრულო ეკიპაჟი გაჰყვა აღნიშნულ მანქანას.
როგორც ჯიოშვილი წერს, მეგობართან ერთად გაჰყვა ეკიპაჟს, რათა ენახათ, რა რეაგირება ექნებოდათ მათ. აღმოაჩინეს, რომ პოლიციელები ხელის ჩამორთმევით და მხარზე ხელის მეგობრულად დარტყმით დაემშვიდობნენ მათ.
სამი კვირის შემდეგ ჯიოშვილმა აღმოაჩინა, რომ იგივე მანქანა იდგა საკრებულოს წინ და საქარე მინაზე შსს-ს სამსახურებრივი საშვი ჰქონდა დამაგრებული. იქვე იდგა იგივე საპატრულო ეკიპაჟი, რომელიც სამი კვირის წინ მათ დაედევნა, თუმცა რეაგირება არ ჰქონია.
ეს ისტორია, შესაბამის ვიდეოებთან ერთად, ჯიოშვილმა ფეისბუქზე დაწერა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეისბუქ-გვერდი მონიშნა და შეაგინა.
როგორც ჯიოშვილი წერს, პოსტის წაშლას არ აპირებს.
ლაშა ჯიოშვილი “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღის აქციის შემდეგ, სახლისკენ მიმავალ გზაზე, 19 თებერვალს დააკავეს. თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას 10-მდე შავებში ჩაცმული ნიღბიანი ადამიანი აკავებს, ძალით სვამს მანქანაში და მიჰყავს.
“რაღაცას მიდებენ ჯიბეში”,- ამბობს ლაშა ჯიოშვილი დაკავებისას მოქალაქის მიერ გადაღებულ ვიდეოში.
ჯაოშვილი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, “ხალხმა, ხმაურმა, მედიამ, სწრაფმა რეაგირებამ გადაგვარჩინა, რომ ის არ არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი”.
თუმცა, მისივე ინფორმაციით, ჯაოშვილს:
- უფლებები არ გააცნეს.
- სამმართველოში მიყვანამდე არ იცოდა, რატომ იყო დაკავებული და ვის მიერ.
- არ დაარეკინეს ადვოკატთან ან/და ოჯახთან.
- მოსთხოვეს ტელეფონის გახსნა.
- სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დააფიქსირა ოქმში, რომ სამართალდამცავების მიერ ლაშას მისამართით იყო მუქარა.
- დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე აქვს სისხლჩაქცევა.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ არ აწვდიდა ინფორმაციას ჯაოშვილის ადგილმდებარეობაზე მაშინ, როცა დაკავების შემდეგ პირდაპირ მუხიანის სამმართველოში მიიყვანეს.
20 თებერვალს გამართულ სასამართლოზე სანქცირებულმა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ის 2200 ლარით დააჯარიმა.
ამავე თემაზე: