ახალი ამბები

ზელენსკიმ დაადასტურა უკრაინელი სამხედროების ბელგოროდში ყოფნა

8 აპრილი, 2025 •
ზელენსკიმ დაადასტურა უკრაინელი სამხედროების ბელგოროდში ყოფნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურად პირველად დაადასტურა უკრაინელი სამხედროების ყოფნა რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში.

„ფრონტის ვითარებაზე მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ დღეს ცალკე მომახსენა ჩვენს ყოფნაზე კურსკის და ბელგოროდის ოლქებში. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ ოპერაციებს სასაზღვრო რაიონებში მტრის ტერიტორიაზე და ეს აბსოლუტურად სამართლიანია — ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა“, — განაცხადა ზელენსკიმ 7 აპრილის საღამოს მიმართვაში.

„უკრაინული პრავდას“ ცნობით,  ეს არის უმაღლეს დონეზე პირველი საჯარო დადასტურება ბელგოროდის ოლქში უკრაინული შენაერთების ყოფნის შესახებ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ ოპერაციების მთავარი მიზანია უკრაინელების დაცვა სუმისა და ხარკოვის რეგიონებში, რომლებიც სისტემატურად ექვემდებარება დაბომბვას რუსეთის ფედერაციის მიერ.

18 მარტს, კითხვაზე, აწარმოებს თუ არა უკრაინა სამხედრო ოპერაციებს ბელგოროდის რეგიონში, როგორც რუსული წყაროები იტყობინება, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინას უფლება აქვს, გადადგას პრევენციული ნაბიჯები რუსული დარტყმების თავიდან ასაცილებლად.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობდნენ შეჭრას ბელგოროდის რეგიონის დასავლეთ ნაწილში, დემიდოვკასა და პრილესიეს დასახლებების მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი