ახალი ამბები

9 აპრილიდან YouTube-ზე ახალი არხი “მისმინე” იწყებს მაუწყებლობს

6 აპრილი, 2025 •
9 აპრილიდან YouTube-ზე ახალი არხი “მისმინე” იწყებს მაუწყებლობს

ოთხშაბათს, 9 აპრილს YouTube-ზე ახალი საინფორმაციო არხი “მისმინე” ჩაეშვება, რომელიც რამდენიმე გადაცემას გააერთიანებს.

როგორც არხის პოსტერზე ჩანს, გადაცემების წამყვანები ეკა კვესიტაძე, ბექა ყორშია, ბექა კობახიძე, ლაშა ბუღაძე, ქეთი დევდარიანი და ზურაბ ფარჯიანი იქნებიან.

YouTube გვერდზე უკვე დევს სამი გადაცემის ანონსი, როგორებიცაა ეკა კვესიტაძის “აქცენტები”, ბექა ყორშიას “არაფერი სასაცილო” და ბექა კობახიძის “აქტუალური ისტორია”.

როგორც ბექა კობახიძემ ნეტგაზეთთან აღნიშნა, არხს კონკრეტული სარედაქციო პოლიტიკა არ აქვს და ის რამდენიმე ავტორის დამოუკიდებელ პოდკასტებს აერთიანებს.

მისივე თქმით, მისი გადაცემის, “აქტუალური ისტორიის” მიზანია, არსებულ რეალობაში იმ მოვლენების დეკონსტრუქცია და განხილვა, როდესაც პოლიტიკოსები ისტორიას, როგორც ინსტრუმენტს ისე იყენებენ.

“მისმინე” არ არის ტელე-არხი, სადაც ერთი სარედაქციო პოლიტიკა და ერთი მიმართულებაა. ეს იქნება 5-6 დამოუკიდებელი ავტორის დამოუკიდებელი პოდკასტი. ჩვენი მიზანი არის ასეთ მძიმე მედიაგარემოში, სადაც სასუნთქი აღარ რჩება, რომ ადამიანს ინფორმაცია მიაწოდო, გადავიდეთ ინტერნეტ სივრცეში, სადაც ჩვენი ხმა უფრო შეუზღუდავად გავრცელდება და წნეხის ქვეშ არ მოექცევა.

ჩემი პოდკასტი არ იქნება ისტორიის იზოლირებული განხილვა. ისტორია არ არის მხოლოდ ამბების მოყოლა, ამას ძალიან დიდი გავლენა აქვს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე. ბოლო წლების განმავლობაში ისტორიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია მიმდინარეობს. პოლიტიკოსები საზოგადოებას არავითარ სოციალურ-ეკონომიკურ რეფორმას არ სთავაზობენ და ჰპირდებიან იდენტობის და “ქართველობის” დაცვას. შემდეგ ადამიანების ნაწილი ირჩევს პოლიტიკოსს, რომელიც რეალურს არაფერს დაჰპირებია, რადგან ეს “იდენტობის დაცვა” აბსტრაქტულია. ჩემი გადაცემა ამ ყოველდღიურ ამბებზე იქნება მიბმული. ყოველდღიურად როცა პოლიტიკოსები შეეცდებიან ისტორიის ინსტრუმენტალიზაციას, მე ჩემს სტუმრებთან ერთად, ამის დეკონსტრუქციას გავაკეთებ. მინდა მეთვალყურედ დავუდგე ამ საკითხს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი თარიღები როცა იქნება, მათ შორის, 9 აპრილი, რა დღესაც ვიწყებთ გადაცემას, გვექნება თემატური გადაცემები”, – ამბობს ბექა კობახიძე.

გადაცემა კვირაში ერთხელ ყოველ ოთხშაბათს დაიდება. პოდკასტის YouTube-ზე გამოქვეყნებულ აღწერაში წერია, რომ გარდა ისტორიისა, მაყურებელს მიეწოდება ინფორმაცია ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა თავდაცვის ხარჯები და საჭიროებები, პოლიციის ევროპული სტანდარტები, რელიგიური რწმენის პოლიტიკური და ეთიკური მხარეები, საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოება, გეოპოლიტიკური პროცესები, ევროპა და საქართველო.

კიდევ ერთი გადაცემა, რომლის ანონსიც უკვე დევს არხზე “მისმინე” ეკა კვესიტაძის “აქცენტებია.

“გადაცემა არის შემეცნებითი და საგანმანათლებლო. მისი უდიდესი ნაწილი მიეძღვნება მსოფლიოს მთავარ მოვლენებს, იმ უზარმაზარ გეოპოლიტიკურ ძვრებს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად დაიწყო და რომელიც ახალ მსოფლიო წესრიგს აყალიბებს. გადაცემაში მხოლოდ ფაქტების გაშუქება არ მოხდება, არამედ უმეტესი დრო ამ ფაქტების სიღრმისეულ განხილვას დაეთმობა, ასევე მის ისტორიულ კონტექსტში გაანალიზებას. ასევე დიდი პოლიტიკური გადალაგების კონტექსტში ვისაუბრებთ საქართველოზე და რეგიონზე და იმაზე, თუ როგორ აისახება ესა თუ ის მოვლენა ან დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენს მომავალზე”, – წერია მის აღწერაში.

აღნიშნული გადაცემა არხზე შაბათობით დაიდება.

არხზე “მისმინე” კიდევ ერთი გადაცემის ანონსი დევს და ეს ბექა ყორშიას “არაფერი სასაცილოა”.

როგორც აღწერაში ვკითხულობთ, ამ პროექტის ქრონომეტრაჟი 15-20 წუთი იქნება და მას სთენდაფის სახე ექნება.

“ბექა ყორშია ილაპარაკებს კვირის აქტუალურ თემებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე- ქვეყნის გარეთ. ამასთან, გადაცემა იქნება ერთგვარი დეკონსტრუქცია იმ პროპაგანდისა, რომელსაც მმართველი პოლიტიკური კლასი და მისი მედიები აწვდიან საზოგადოებას. გადაცემას ჰქვია “არაფერი სასაცილო”, მაგრამ იუმორს გვერდს ვერ ავუვლით. თან როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა: სიცილი ჯობია ტირილს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ორივე ამაოა”, – ნათქვამია გადაცემის აღწერაში.

მედიაჩეკერის” ინფორმაციით, მომდევნო კვირიდან არხს ქეთი დევდარიანი, ლაშა ბუღაძე და ზურაბ ფარჯიანიც შეუერთდებიან. ზურაბ ფარჯიანი გადაცემას სახელად “პოლიტკომპასი”, ხოლო ქეთი დევდარიანი და ლაშა ბუღაძე პოდკასტს “კონტექსტი” გაუძღვებიან.

როგორც ბექა კობახიძემ მოგვიანებით ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ჯერ უცნობია, დაემატებიან თუ არა ამ პლატფორმას სხვა ადამიანებიც.

“მედიაჩეკერის” ცნობით, „მისმინე” West Vector Production სტუდიის ბაზაზე მზადდება, რომლის ხელმძღვანელიც ლევან ყუბანეიშვილია. ყუბანეიშვილი სხვადასხვა დროს იყო როგორც “მეორე არხის”, ისე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორი, ტელეკომპანია “მზის” და TBC TV-ის დამფუძნებელი.

ახალი YouTube-არხის შექმნის იდეაც ლევან ყუბანეიშვილსა და ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს ეკუთვნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი