რუსეთში YouTube მასობრივად გაითიშა.

როგორც Reuters წერს, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან პლატფორმის მზარდი კრიტიკის ფონზე, ხუთშაბათს, 8 აგვისტოს, რუსული ინტერნეტ-მონიტორინგის ვებგვერდზე, YouTube-ზე ათასობით შეფერხების შესახებ განაცხადეს.

მედიის ცნობით, მომხმარებლებმა განაცხადეს, რომ YouTube-ზე წვდომა მხოლოდ VPN-ის საშუალებით შეეძლოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვებგვერდი, სავარაუდოდ, დაბლოკილია ხელისუფლების მხრიდან.

Reuters-ის ცნობით, მათმა რეპორტიორებმა რუსეთში ვერ შეძლეს YouTube-ზე წვდომა. მათივე ცნობით, ვებგვერდი ხელმისაწვდომი დარჩა ზოგიერთი მობილური მოწყობილობის საშუალებით.

„YouTube-ის ჩატვირთვის სიჩქარე მნიშვნელოვნად შემცირდა ბოლო კვირებში, რაშიც რუსი კანონმდებლები ადანაშაულებენ YouTube-ის მფლობელს Alphabet’s (GOOGL.O)“, – წერს Reuters.

როგორც გამოცემა Meduza წერს, შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებამ ვიდეოჰოსტინგის „შენელებიდან“ მის დაბლოკვაზე გადაინაცვლა.

„მაშინაც კი, თუ ეს არის  მოკლევადიანი გათიშვა, რომელიც აიხსნება როგორც „ტექნიკური ხარვეზი“, YouTube-ის მდგომარეობა სულ უფრო საგანგაშო ხდება“, – წერს Meduza.