სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თავისივე უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თქმითაც, სააგენტომ შეამოწმა კომპანია “მილა”, რომელიც რძეს აწვდის სასკოლო დაწესებულებებსა და ბაგა-ბაღებს. განცხადების თანახმად, აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლენილა.
რაც შეეხება კომპანია “სოფლის ნობათის” რძის იმ პარტიას, რომელშიც შემოწმებისას დარღვევა აღმოაჩინეს, სააგენტოს თქმით, მაღაზიებიდან უკან გამოითხოვეს.
„სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელ კომპანიებს წელიწადში სულ მცირე 4-ჯერ ამოწმებს. შედეგად, გასულ წელს სააგენტომ რძის მწარმოებელი ბიზნესსექტორი დაახლოებით 1500-ჯერ შეამოწმა და 1031 ნიმუში აიღო. რაც შეეხება „სოფლის ნობათს“, გასულ წელს კომპანიაში 15 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა, რაც მოიცავს როგორც ინსპექტირებას, დოკუმენტურ შემოწმებასა და ნიმუშების აღებას, ასევე ჰასპის (HACCP) აუდიტს
მიმდინარე წელს სააგენტოს თანამშრომლები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შევიდნენ „სოფლის ნობათის“ შესამოწმებლად. შემოწმების შედეგად მცირე პარტიაში აღმოჩნდა კანონით დასაშვები ზღვრული ოდენობის გადამეტება (0.1-დან 0,32 მკგ/ლ-მდე).
კომპანია თანამშრომლობს სააგენტოსთან. ბაზრიდან მყისიერად დაიწყო პროდუქციის გამოთხოვა. სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურსა და რეგიონულ სამსახურებს დავავალეთ სავაჭრო ქსელების კიდევ ერთხელ შემოწმება მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ პარტიის სურსათი დახლებიდან მოხსნილია და გაყიდვაში არ არის“, – განაცხადა ჩეკურაშვილმა.
ცნობისთვის, 3 აპრილს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ “სოფლის ნობათის” პროდუქციაში, მათ შორის საბავშვო რძის ნიმუშებში, აფლატოქსინი გამოვლინდა. აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
ამას გამოეხმაურა “სოფლის ნობათი”. მათ განაცხადეს, რომ აღნიშნული პროდუქტები საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა მაინც აპირებენ მათი გაყიდვიდან ამოღებას.
გარდა ამისა, მათი თქმით, ნედლეული, რომლითაც ეს პროდუქტები დაამზადეს, აზერბაიჯანიდანაა იმპორტირებული. “სოფლის ნობათში” ამბობენ, რომ წყვეტენ თანამშრომლობას აღნიშნულ აზერბაიჯანელ პარტნიორთან.