ახალი ამბები

„აგროჰაბი“ რძის ვარგისიანობაზე განცხადებას ავრცელებს

2 აპრილი, 2025 •
„აგროჰაბი“ რძის ვარგისიანობაზე განცხადებას ავრცელებს

„აგროჰაბი“ აცხადებს, რომ ნებისმიერი ნედლეული თუ პროდუქტი, რომელსაც კომპანია იღებს სხვა მომწოდებლისგან, რამდენიმესაფეხურიან დამატებით შემოწმებას გადის „აგროჰაბისვე“ ლაბორატორიაში.

„კონკრეტულად რძე, რომელსაც ვიღებთ რამდენიმე კომპანიისგან, გადის შემოწმების ფაზებს, ცისტერნაშივე მოწმდება ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრები, შემდეგ გადმოტანილი რძე გადის შემოწმებას სიმჟავესა და PH ბალანსზე, თერმომდგრადობაზე, სომატურ უჯრედებზე, ანტიბიოტიკებზე, მიკრობთა საერთო რაოდენობაზე. იყო შემთხვევა, როდესაც მომწოდებლის მხრიდან მიღებულმა რძემ ვერ დააკმაყოფილა აღნიშნული შემოწმების კრიტერიუმები და ასეთი პროდუქტი უკან იქნა გაბრუნებული“, — ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიის თანახმად, „სრულიად გამორიცხულია გადმოკვეთოს აგროჰაბის წარმოების „საზღვარი“ და შემდეგ პროდუქტის სახით გავიდეს საწარმოდან ნედლეული, რომელიც რაიმე სახით არ აკმაყოფილებს ხარისხის მოთხოვნებს“.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აგროჰაბში წარმოებული ნებისმიერი პროდუქტი ნატურალურ და ჯანსაღ ნედლეულზე მზადდება და სრულიად უსაფრთხო და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის“, — აცხადებს „აგროჰაბი“.

„აგროჰაბის“, ისევე როგორც „სანტეს“ განცხადებაში, არ არის დაკონკრეტებული, თანამშრომლობს თუ არა „ყვარლის ბაგასთან”, ან კიდევ ვისგან ყიდულობს რძეს.


„რადიო თავისუფლების” საგამოძიებო მასალიდან ირკვევა, რომ რძის მწარმოებელი კომპანია „ყვარლის ბაგა” ძროხებს ქათმის სკინტლით კვებავდა. „ყვარლის ბაგის“ რძეს ყიდულობენ „სანტე“, „სოფლის ნობათი“, „აგროჰაბი“ და „ყვარლის ბაგის“ შვილობილი „რძის ლაბორატორია“.

ძროხების ქათმის ნაკელით გამოკვებაზე „რადიო თავისუფლებისთვის“ ცნობილი გახდა სასამართლო დავით, რომელიც ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგამ“ რევაზ ვაშაკიძის „ჩირინას“ („ბიუ-ბიუს“) წინააღმდეგ აწარმოვა და მოიგო.

საქმე იმაშია, რომ 2018 წლის შემოდგომაზე „ყვარლის ბაგის” უმსხვილესმა კლიენტმა „სანტემ“ პაპაშვილის ფერმის რძეში რამდენჯერმე აღმოაჩინა ანტიბიოტიკები და უკან დააბრუნა.

„ყვარლის ბაგამ“ „ჩირინას” სასამართლოში უჩივლა, ამტკიცებდა რა, რომ ფერმის რძეში ანტიბიოტიკები „ჩირინას” ნაკელიდან მოხვდა და 2018-19 წლებში 200-მდე ძროხა ამ მიზეზით დაეხოცა.

მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2024 წლის დეკემბერში კომპანია „ჩირინას“ 4.7 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა „ყვარლის ბაგის“ სასარგებლოდ. „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მოსამართლის გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული და კომპანია „ყვარლის ბაგის“ სასარგებლოდ იყო მიკერძოებული.

“რადიო თავისუფლების” საგამოძიებო მასალა ”ბიუ-ბიუს” ქათმის სკინტლით “ყვარლის ბაგის” ძროხების გამოკვებაზე, ბიზნესმენებს შორის ნაკელის გამო დავასა და მოგებულ 4,7 მილიონზე, ასევე რძის პროდუქტების უსაფრთხოების სტანდარტებზე შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი