რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანია “სანტე” ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის “ყვარლის ბაგის” რძის გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“სანტეს” დანერგილი აქვს რძის ხარისხის კონტროლის უმკაცრესი სტანდარტები. მათ შორის არის: რძეში ანტიბიოტიკის შემოწმება, ცხიმისა და ცილის იდენტიფიცირება, რძის მიკრობიოლოგიური ანალიზი. ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში რძე უბრუნდება ფერმას და არ გამოიყენება წარმოების პროცესში.
2018 წელს სწორედ სანტემ აღმოაჩინა შეუსაბამობა “ყვარლის ბაგის” რძეში, კერძოდ, ანტიბიოტიკები, რაც საქმეში წარმოდგენილი მასალებითაც დასტურდება. ამ მიზეზით უარი განაცხადა რძის მიღებასა და წარმოებაში მის გამოყენებაზე.
საწარმოში დანერგილი ხარისხის კონტროლის ევროპული და უმკაცრესი შიდა სტანდარტები, ასევე ISO, HACCP, არის გარანტია იმისა, რომ რძე, რომელიც შეუსაბამოა ხარისხის სტანდარტებთან, არ გამოიყენება წარმოებაში”, – აცხადებენ კომპანიაში.
განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, 2018 წლის შემდეგ ისევ თანამშრომლობს თუ არა “სანტე” “ყვარლის ბაგასთან”, ან სხვა ვისგან ყიდულობს რძეს. ასევე, განცხადებიდან არ იკითხება, ინფორმირებული იყვნენ თუ არა იმის შესახებ, რომ “ყვარლის ბაგა” ძროხების გამოსაკვებად ქათმის ნაკელს იყენებდა.
“ნეტგაზეთი” ცდილობს კომპანიასთან დაკავშირებას. მათგან პასუხების მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
“რადიო თავისუფლების” საგამოძიებო მასალიდან ირკვევა, რომ რძის მწარმოებელი კომპანია “ყვარლის ბაგა” 2018-2020 წლებში ძროხებს ქათმის სკინტლით კვებავდა. სწორედ “ყვარლის ბაგისგან” ყიდულობს რძეს “სანტე”, “სოფლის ნობათი” და “აგროჰაბი”. ასევე, თავად “ყვარლის ბაგის” შვილობილი კომპანია “რძის ლაბორატორია”.
“რადიო თავისუფლება” გამოძიების პროცესში თითოეულ მათგანს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, იცოდნენ თუ არა, რომ რძის მიმწოდებელი ძროხების გამოსაკვებად ევროპაში აკრძალულ პროდუქტს, ქათმის სკინტლს იყენებდა. ასევე, ამოწმებდნენ თუ არა მიღებულ პროდუქტს თავად. როგორც საგამოძიებო მასალაში ვკითხულობთ, “სანტემ” მედიის კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა. “სოფლის ნობათსა” და “აგროჰაბში” რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ აღნიშნული პერიოდის არქივი არ აქვთ, თუმცა, ჩვეულებრივ, მიღებულ პროდუქციას ამოწმებენ და საკუთარ სტანდარტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, წარმოებაში არ იღებენ.
“რადიო თავისუფლების” საგამოძიებო მასალა”ბიუ-ბიუს” ქათმის სკინტლით “ყვარლის ბაგის” ძროხების გამოკვებაზე, ბიზნესმენებს შორის ნაკელის გამო დავასა და მოგებულ 4,7 მილიონზე, ასევე რძის პროდუქტების უსაფრთხოების სტანდარტებზე შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.