სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის საქართველო უკვე ნაკლებად განიხილება ევროპული ღირებულებების და დემოკრატიულ ქვეყნად. “ქართული ოცნების” რეჟიმმა, განსაკუთრებით რეპრესიული კანონების მიღების შემდეგ, ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ წაიყვანა. გაჩნდა განცდაც, რომ საქართველო სულ უფრო ემსგავსება აზერბაიჯანს, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას ასევე დაუდგა არსებობის შეწყვეტის საფრთხე. როგორ ქრებოდა დამოუკიდებელი მედია და სიტყვის თავისუფლება აზერბაიჯანში და რა ფაქტორებმა იქონია გავლენა პროტესტის ჩახშობაზე, ამ საკითხების შესახებ აზერბაიჯანელ ემიგრანტ ჟურნალისტს, ემინ მამედოვს ვესაუბრეთ. აზერბაიჯანიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა, თუმცა აფგან მუხთარლის გატაცების შემდეგ, სხვა ბევრი აზერბაიჯანელის მსგავსად, უსაფრთხოების მოტივით, ისიც გაემგზავრა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში.
როგორ იწყებოდა რეპრესიები აზერბაიჯანში, რომელთაც ბევრი აზერბაიჯანელი უფლებადამცველი, ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი აიძულა ქვეყნიდან სხვა, უფრო უსაფრთხო ქვეყნებში წასულიყვნენ?
აზერბაიჯანში სიტყვის სრული თავისუფლება, ალბათ, არასდროს არსებობდა. შესაძლოა, 90-იანი წლების პირველ ნახევარში სიტუაცია შედარებით უკეთესი იყო, მაგრამ მას შემდეგ თავისუფლების სივრცე (და ზოგადად, უფლებები და თავისუფლებები) თანდათან ვიწროვდებოდა.
თუმცა ახლა, წარსულს რომ ვუყურებთ, ბევრი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი მედიის „დასასრულის დასაწყისი“ 2013-14 წლებში დაიწყო, როდესაც კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები, რომლებიც მკაცრად ზღუდავდა უცხოური დაფინანსების მიღებას – ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდიდა მას. ეს ცვლილებები იმავე ნარატივით იყო გაწერილი, რასაც „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონებით იყენებენ – თითქოსდა უცხოური ქვეყნები ადგილობრივ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდნენ და ა.შ.
ამის შემდეგ აზერბაიჯანში ბევრი დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია დაიხურა. მომდევნო წლებში ცალკეული რეპრესიების ფაქტები ხდებოდა, განსაკუთრებით იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ყველაზე მეტად აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას (ჰადიჯა ისმაილოვა, აფგან მუხთარლი, რაუფ მირკადიროვი). თუმცა, ამის მიუხედავად, აზერბაიჯანის ხელისუფლება ზოგიერთ დამოუკიდებელ მედიაზე „თვალს ხუჭავდა“.
ბოლო დროს, ბევრის აზრით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ზედმეტად მოდუნდნენ და ამ „ნაცრისფერ ზონაში“ მუშაობა განაგრძეს, რაც სერიოზული შეცდომა იყო. ასე გრძელდებოდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში – თითქოს ნელი, გაჭიანურებული კრიზისი, რომელიც თანდათან მძიმდებოდა, მაგრამ ხალხი ამას მიეჩვია და განსაკუთრებულ ყურადღებას აღარ აქცევდა.
ყველაფერი 2023 წლის ბოლოს ძალიან სწრაფად განვითარდა: წელიწად-ნახევრის განმავლობაში ყველა დამოუკიდებელი მედია დაიხურა, მათ შორის უცხოური მედიის რეგიონული ოფისებიც, ხოლო ორი ათეული ჟურნალისტი ციხეში აღმოჩნდა.
Freedom House-ის ინდექსში საქართველოს შედეგი მნიშვნელოვნად გაუარესდა
როგორი წინააღმდეგობა ჰქონდა მაშინ საზოგადოებას? რატომ ვერ აღმოჩნდა პროტესტი ეფექტური?
პროტესტი, როგორც ასეთი, არ ყოფილა. თუ მთლიანად საზოგადოებაზე ვისაუბრებთ, აზერბაიჯანში ხალხი ძალიან აპოლიტიკურია. ისინი არ არიან მიჩვეულნი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას, ხოლო მცირე მცდელობები ყოველთვის სასტიკად იდევნებოდა, რაც საზოგადოების უმრავლესობისთვის დემოტივაციის მიზეზი ხდებოდა.
სამოქალაქო საზოგადოებაც საკმაოდ მცირერიცხოვანია და მთლიანობაში არც ისე აქტიური. ხდებოდა ცალკეული საპროტესტო აქციები, ან, უფრო სწორად, მათი მცდელობები, მაგრამ, ისევ და ისევ, ისინი სასტიკად იშლებოდა და ირბეოდა.
ამ მხრივ, აზერბაიჯანელ აქტივისტებს ყოველთვის “შურდათ” ქართველების – რადგან საქართველოში საზოგადოება აქტიურია, ხოლო ხელისუფლება (იქნება ეს სააკაშვილი თუ „ქართული ოცნება“) „უფლებას აძლევდა” ამ აქტიურობას.
განსაკუთრებით მკაცრი ნაბიჯებიც კი, რომლებიც საქართველოში ყველაზე მძიმე რეპრესიებად მიიჩნევა, აზერბაიჯანში გაცილებით უფრო სასტიკ რეაქციასთან შედარებით არაფერია.
გარდა ამისა, აზერბაიჯანში ფაქტობრივად არასოდეს არსებობდა სიტყვისა და შეკრების თავისუფლება.
არ ჩამოყალიბებულა მშვიდობიანი პროტესტის, საკუთარი უფლებების მოთხოვნის კულტურა.
ამიტომაც, ჟურნალისტების დევნა და ხელისუფლების მხრიდან შევიწროება ბუნებრივ მოვლენად აღიქმებოდა, როგორც რაღაც გარდაუვალი – თითქმის კლიმატური პირობების მსგავსი, რომლებსაც უნდა შეგუებოდა.
ჩვენ, ჟურნალისტებმა აზერბაიჯანში, საერთოდ არ ვიცით, რას ნიშნავს მუშაობა ნორმალურ პირობებში.
როდის გააცნობიერე, რომ ემიგრირება გარდაუვალი იყო?
ჩემს შემთხვევაში, ემიგრაციის გადაწყვეტილება მხოლოდ პროფესიული მიზეზებით არ ყოფილა განპირობებული – ამას პირადი მიზეზებიც ერთვოდა.
ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის სიტუაცია უკვე საკმაოდ რთული იყო, გადამწყვეტი ფაქტორი მაინც სხვა რამ აღმოჩნდა.
ზოგადად კი, ჩემი კოლეგები, ვისაც პირდაპირი საფრთხე არ ემუქრებოდა, ბოლომდე არ ტოვებდნენ ქვეყანას. ბოლო წლებამდე ისინი რჩებოდნენ აზერბაიჯანში, ანუ – პრაქტიკულად გასული წლის ჩათვლით.
დღეს, როცა საქართველოშიც დაიწყო რეპრესიები, ბევრს ჰგონია, რომ ეს ძალიან ჰგავს აზერბაიჯანის სიტუაციას. შენ რას ფიქრობ?
საქართველოში სიტუაცია აშკარად გაუარესდა ქართულ სტანდარტებთან შედარებით. მაგალითად, თუ დღევანდელ ვითარებას 5 წლის წინანდელ პერიოდს შევადარებთ, პროგრესი აშკარაა ნეგატიური მიმართულებით. ასე რომ, მესმის, რატომ არიან ჩემი ქართველი კოლეგები ასეთ პანიკაში.
თუმცა, ვფიქრობ, აზერბაიჯანულ სცენარამდე საქართველო ჯერ კიდევ შორსაა.
ერთი მხრივ, ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას ძლიერი პოზიციები აქვს – მართალია, შესაძლოა, ამ ეტაპზე არ აქვს მკაფიო გეგმა, მაგრამ მაინც ძალას ინარჩუნებს.
მეორე მხრივ, ჩემი შთაბეჭდილებით, ხელისუფლება ჯერ არ გადავა იმ „წითელ ხაზზე“, რომელიც აზერბაიჯანში დიდი ხნის წინ გადაკვეთეს. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს არ მოხდება ძალიან სწრაფად.
საქართველოში გარკვეული შემაკავებელი ფაქტორები ჯერ კიდევ არსებობს, რაც ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას წინააღმდეგობის გასაწევად სივრცეს უტოვებს.
ეს არ ნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოება სწრაფად და საბოლოოდ გაიმარჯვებს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, შეუძლიათ შეანელონ ხელისუფლების „წინსვლა“ და შეინარჩუნონ თავისუფლების რაღაც ნაწილი – ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია.