„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკვე 1 თვეა არ არეგისტრირებენ.
„გუშინ ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტროს “მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის” რეგისტრაციის ვადა ამოეწურა. შეგახსენებთ, სამინისტროს 1- დღიანი ვადა აქვს, ჩვენ კი 1 თვის შემდეგაც არ გვაქვს პასუხი. იურიდიულად ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობა ნიშნავს უარს, პოლიტიკურად კი იმას, რომ რეჟიმი იდეის გარშემო მოქალაქეთა გაერთიანებაში საფრთხეს ხედავს. ამიტომ გვიქმნის ის დაბრკოლებებს“, – წერს Facebook-ზე მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.
ნეტგაზეთი დილიდან ცდილობს იუსტიციის სამინისტროსთან გაარკვიოს, რა მიზეზით არ არეგისტრირებენ მოძრაობას. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
გარდა აღნიშნული მოძრაობისა, საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის და საქართველოს ფსიქოლოგთა პროფკავშირის წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ იუსტიციის სამინისტრო არც მათ არეგისტრირებს.
ამიტომ სამივე გაერთიანება ხვალ, 28 მარტს, 16:00-ზე იუსტიციის სახლთან ბრიფინგს გამართავს.
„იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ჩვენს სარეგისტრაციო განცხადებას უპასუხოდ ტოვებს, რაც სამართლებრივად რეგისტრაციაზე უარს უთანაბრდება. კანონით, რეესტრს რეგისტრაციის ვადა ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან 1 დღეში, 26 თებერვალს ამოეწურა. მიგვაჩნია, რომ რეესტრის მხრიდან კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობა და ერთთვიანი უმოქმედობა ჩვენი მოძრაობის საქმიანობის შეფერხებას ისახავს მიზნად“, – აცხადებს სამი ახალი გაერთიანება.