სასამართლომ ნარკოტიკების ფლობაში ბრალდებული გიორგი შანიძე გაამართლა

დღეს, 4 ივნისს, ორწლიანი დავის შემდეგ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშაულებების შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული გიორგი შანიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა გამოიტანა.

გიორგი შანიძის ადვოკატის, ლევან აფრასიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეში 2 პოლიციელი და 1 გამომძიებელი ფიგურირებდნენ. მისი თქმით, პოლიციელებმა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს სასამართლოს, ხოლო გამომძიბელმა არ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე, რის გამოც მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

გამომძიებელმა სასამართლოში არ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები; მან გაჩხრიკა, მან ამოიღო და დაურთო ნივთიერი მტკიცებულებები საქმეს. სასამართლოში როცა მოვიდა, არ დაადასტურა აღნიშნული დოკუმენტების სისწორე. შესაბამისად, ეს მტკიცებულებები არაავთენტურია. გამომძიებელი როდესაც ატარებს მოქმდებას, სასამართლოში მხოლოდ იმიტომ იკითხება, რომ ეს დაადასტუროს, სხვა ფუნქცია მას არ აქვს. რადგან ვერ დაადასტურა, აქედან გამომდინარე, აღარ არსებობდა უტყუარი მტკიცებულებები. ასევე, ორი პოლიციელი დაიკითხა და მათ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს. მათ ჩვენებებში იყო წინააღმდეგობები. ამის გათვალისწინებით მოსამართლემ მიიღო გამამართლებელი გადაწყვეტილება, რაც იყო ჩვენი მოთხოვნა”, – უთხრა ადვოკატმა ნეტგაზეთს.

გიორგი შანიძეს 5.1 გრ ჰაშიშისა და 3.3 გრ MDMA-ს ფლობას ედავებოდნენ. ის დაახლოებით 2 წლის წინ დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.

გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, გიორგი შანიძეს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.