ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ხელბორკილებს აღვიქვამ, როგორც ჩემს ახალ ჟურნალისტურ მოწმობას” – “Meydan.TV”-ს ჟურნალისტი

20 მარტი, 2025 •
“ხელბორკილებს აღვიქვამ, როგორც ჩემს ახალ ჟურნალისტურ მოწმობას” – “Meydan.TV”-ს ჟურნალისტი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ფატიმა მოვლამლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი “Meydan.TV”-ს საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, ციხიდან წერილს წერს, რომელსაც “Meydan.TV” ავრცელებს.

„ვიცინოდი, როდესაც პოლიციელები შავი ნიღბებით ხელბორკილებს მიკეთებდნენ. ვიცინოდი, როცა ინსცენირებულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ჩემს დაკავებაზე, და ახლა ისევ ვიცინი ციხეში, როცა ვწერ ამ წერილს“, – წერს ჟურნალისტი.

ფატიმა მოვლამლი ითხოვს, რომ მის გამო არ იდარდონ.

„ყველაფერი კარგად არის. ჩემს ხელბორკილებს აღვიქვამ როგორც ჩემს ახალ ჟურნალისტურ მოწმობას“, – წერს ჟურნალისტი.

ფატიმა მოვლამლი 2025 წლის 28 თებერვალს “Meydan.TV”-ს საქმეზე დააკავეს. მასაც ბრალად ედება “კონტრაბანდა, რომელიც განხორციელდა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით”.

ყველა დაკავებული ჟურნალისტის სახლში ჩატარდა ჩხრეკა, მათი ტელეფონები, კომპიუტერები და სხვა პირადი ნივთები ამოიღეს.

ჟურნალისტები თავს არ ცნობენ დამნაშავედ და აცხადებენ, რომ ისინი დაიჭირეს პროფესიული საქმიანობის გამო.

ამჟამად მსგავს ბრალდებებზე ციხეში იმყოფება დაახლოებით 30 ჟურნალისტი და საზოგადოებრივი აქტივისტი. ისინი არ აღიარებენ თავს დამნაშავედ და უკავშირებენ ამ დაკავებებს პროფესიულ საქმიანობას. აზერბაიჯანის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები.

მხარდამჭერები, როგორც საერთაშორისო უფლებადამცველები, ასევე დასავლელი ოფიციალური პირები, მოუწოდებენ ალიევის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პირები.

მასალების გადაბეჭდვის წესი