ახალი ამბები

რა მისწერეს ზურაბიშვილმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ევროპელ ლიდერებს

19 მარტი, 2025 •
რა მისწერეს ზურაბიშვილმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ევროპელ ლიდერებს

სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციურ პარტიებთან კოორდინაციით, ევროპელ ლიდერებს წერილი გაუგზავნა. ამის შესახებ თავად ზურაბიშვილმა, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, წერილის მიზანია ევროპელი ლიდერების ყურადღების გამახვილება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის სტრუქტურების დღის წესრიგში, გასაგები მიზეზების გამო, უკრაინის უსაფრთხოებაა პრიორიტეტი. თუმცა ამბობს, რომ არ შეიძლება უყურადრღებოდ დარჩეს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი.

“ჩემი, საქართველოს პროევროპული პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების სახელით, მოგიწოდებთ სათანადო ყურადღება დაუთმოთ საქართველოში არსებულ საგანგაშო მოვლენებს, სადაც რუსეთის მიერ შთაგონებული რეჟიმი ყოველდღიურად აფართოებს რეპრესიულ ზომებს საქართველოს დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და მისი ევროპული მომავლის წინააღმდეგ.

ევროპამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს საქართველოში მიმდინარე პროცესებს სამი ძირითადი მიზეზის გამო:

  • დემოკრატიის კუთხით:
საქართველოს მმართველი ძალა ანგრევს ყველა ინსტიტუტს და არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც ოც წელზე მეტია ევროპის აქტიური ჩართულობით შენდებოდა და დაცული იყო. 
რუსეთის მიერ მხარდაჭერილ დიქტატორს არ უნდა მიეცეს საშუალება, უგულებელყოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, შეცვალოს მტკიცედ პროევროპული მოსახლეობის კურსი და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა რუსეთის სატელიტად აქციოს.
საფრთხის ქვეშ დგას არა მხოლოდ საქართველოს მომავალი, არამედ ევროპული საგარეო პოლიტიკის სანდოობა.

  • სუვერენიტეტის კუთხით:

გაყალბეული არჩევნებისა და 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეჩერებული ევროპული გზის გამო, საქართველოში განვითარებული მოვლენები სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის მიერ ალტერნატიული ჰიბრიდული ინსტრუმენტის გამოყენების მცდელობა, რათა ხელახლა მოიპოვოს გავლენა სუვერენულ, დამოუკიდებელ და პროევროპულ ქვეყანაზე. სამხედრო აგრესია, რომელიც კრემლის მიერ დაპყრობის ინსტრუმენტია, რუსეთმა საქართველოში 2008 წელს დატესტა, ხოლო უკრაინაში 2014 და 2022 წლებში გამოიყენა მაღალი დანახარჯებითა და მოსალოდნელი დომინაციის მიღწევის გარეშე. საქართველოში (ისევე როგორც რუმინეთში, მოლდოვასა და, თუ არ შეაჩერებთ, სამომავალოდ, შესაძლოა, უკრაინაშიც) მიმდინარეობს ჰიბრიდული ომის ტესტირება არჩევნების მანიპულაციის გზით, რომელიც ნაკლებად აგრესიული სურათის შემქმნელი და ნაკლები დანახარჯების შემცველია და რაც გზას უხსნის მარიონეტულ მთავრობას. წარმატების შემთხვევაში კი, შესაძლოა, ეს ევროპის საზღვრებსაც გასცდეს. ამგვარი ახალი ტენდენცია ყველასთვის შემაშფოთებელი უნდა იყოს და არამხოლოდ მათთვის, ვინც რუსეთის საზღვრებთან ახლოს ცხოვრობს.

  • სტრატეგიული კუთხით:
საქართველოს ბედი არ უნდა გაიმიჯნოს უკრაინისგან, ისევე როგორც არ უნდა მოხდეს საქართველოს ამოღება უკრაინაში მშვიდობის შესახებ დისკუსიებიდან. როდესაც საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არ შეიძლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იგნორირება. როდესაც საუბარია შავი ზღვის უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე, არ შეიძლება საქართველოს მივიწყება, მაშინ როცა დე ფაქტო ხელისუფლება გეგმავს ანაკლიის ახალ პორტში ჩინეთის, როგორც მთავარი პარტნიორის, შეყვანას. საქართველოს ბედი, (რაც რუსეთს უკეთ ესმის, ვიდრე ბევრ სხვას), განაპრიობებს კავკასიის მომავალს და ევროპა-ცენტრალური აზიის კავშირებს. მაშინ როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ახალ შესაძლებლობებს აჩენს მშვიდობიანი კავკასიისთვის, როდესაც თურქეთი უფრო და უფრო უახლოვდება ევროპას და მასტაბილიზებელ როლს თამაშობს შავ ზღვაში, საქართველოს დაკარგვა ამ რეგიონში რუსეთის დომინანტობის ტოლფასია. ეს არ არის ძლიერი ევროპა, არც ძლიერი ამერიკა.
მოგიწოდებთ, რომ გამოწვევებისა და თქვენ წინაშე მდგარი პრიორიტეტების მიუხედავად, თქვენი ყურადღება მომართოთ საქართველოსკენ, საქართველო იმსახურებს თქვენს ჩართულობას, თუ ამ რეგიონში სტაბილურობა გაღელვებთ”, – წერია პრეზიდენტისა და ოპოიციის ერთობლივ წერილში.
ზურაბიშვილი მზაობას გამოთქვამს იმის შესახებაც, რომ ეს საკითხები პირადად გააცნოს ევროპელ ლიდერებს ოპოზიციასთან ერთად.
“მოგიწოდებთ, რომ საქართველოს საკითხი შეიტანოთ ევროპული საბჭოს მომდევნო სესიის დღის წესრიგში. მომდევნო სესიამდე კი, მზად ვარ, წარვდგე, პროევროპულ პარტიებთან ერთად, ევროპული პარლამენტის წინაშე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად”, – წერია გზავნილში.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა იმ რეპრესიულ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც “ქართულმა ოცნებამ” ბოლო პერიოდში მიიღო. მათ შორისაა მედიისთვის უცხოური დაფინანსების აკრძალვა, ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ცვლილებები და ე.წ. ფარა.

ზურაბიშვილის შეფასებით, “ქართული ოცნების” ეს გადაწყვეტილებები არის “გამოცხადებული ომი საზოგადოების წინააღმდეგ”.

ის შეეხო პროევროპული აქცების მიმდინარეობისას დაზარალებული მოქალაქეების მხარდამჭერი ფონდების დაყადაღების საკითხსაც.

“ყველაზე ახალი და საგანგაშო შეიძლება იყოს ფონდების დაყადაღება. პრაქტიკულად, ეს არის ომი სოლიდარობაზე. ის, რაც დაიწყო და რაც ნამდვილად წარმოადგენს საზოგადოების მხრიდან სოლიდარობის გამოხატვას იმ ადამიანების მიმართ, ვინც არიან დაპატიმრებული, სამსახურიდან გაგდებული, ან ვინც სრულიად უდანაშაულოდ იხდიან ჯარიმებს, რომლებიც 10-ჯერ აღემატება მათ ხელფასებს. საზოგადოების მხრიდან ეს მცდელობა, რომ გამოაჩინოს თავისის სოლიდარობა, არის აღქმული და წარმოდგენილი, როგორც მტრული საქმიანობა. ეს არის წარმოუდგენელი ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ, მე მგონია, რომ ჩვენ ასე ვეღარ შევაფასებთ იმას, რაც ხდება ამ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი