ახალი ამბები

რუხაძემ დავა UK-ის უზენაეს სასამართლოშიც წააგო და 170$ მილიონის გადახდა დაეკისრა

19 მარტი, 2025 •
რუხაძემ დავა UK-ის უზენაეს სასამართლოშიც წააგო და 170$ მილიონის გადახდა დაეკისრა

გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ირაკლი რუხაძისა და მისი პარტნიორების საჩივარი და ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ირაკლი რუხაძეს, იგორ ალექსეევსა და ბენჯამინ მარსონს (ასევე მათ კუთვნილ კომპანიებს — Hunnewel Partners & Park Street) Recovery Partners-ისა და Revoker-ის სასარგებლოდ 170 მლნ აშშ დოლარის გადახდა დაეკისრათ.

ინფორმაციას ამის შესახებ A+ Consulting ავრცელებს, რომელიც აღნიშნულ საქმეზე BrownRudnick-ის იურიდიულ გუნდთან ერთად მუშაობდა.

„საქმის მიხედვით, ირაკლი რუხაძემ და მისმა თანამზრახველებმა დაარღვიეს ფიდუციარული ვალდებულებები იმ კომპანიის მიმართ, ვისთვისაც მუშაობდნენ. მათ მიითვისეს თავიანთი პრინციპალის ბიზნესგეგმა და შედეგად, უკანონოდ მიიღეს შემოსავალი, რომელიც დაბრუნებას ექვემდებარება. გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს საქმის განმხილველი პალატის შვიდივე მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას ერთსულოვანი იყო. ვულოცავთ ჩვენ პარტნიორებს ამ შესანიშნავ გამარჯვებას“, — ნათქვამია საკონსულტაციო სააგენტოს განცხადებაში.

BMG-ის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე ირაკლი რუხაძემ ინგლისის სასამართლოში დავები წააგო 2021 და 2018 წლებშიც.

საუბარია ბადრი პატარკაციშვილის მრავალმილიარდიან აქტივებზე, რომლის მართვასაც ბიზნესმენის გარდაცვალებამდე პატარკაციშვილის მთავარი ფინანსისტი იუჯინ ჯაფი და კომპანია Salford Capital Partners International ახორციელებდნენ. ირაკლი რუხაძე წლების განმავლობაში ამ საინვესტიციო კომპანიაში მუშაობდა და მის მიმართ, როგორც მაღალი რგოლის მენეჯერს, ფიდუციარული ვალდებულებები გააჩნდა.

კომპანიები Recovery Partners GP Limited და Revoker LLP სწორედ Salford Capital Partners International-ის მიერ იყო დაფუძნებული და მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ამ კომპანიებს მისი აქტივების მოძიების, აღდგენისა და რეაბილიტაციის, შემდგომ კი მომგებიანად მართვის პროექტი უნდა განეხორციელებინათ, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობა საბოლოოდ დაკარგეს, რაც ირაკლი რუხაძის და მისი ბიზნესპარტნიორების მიერ განხორციელებულ ქმედებებს უკავშირდებოდა.

მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილი 2008 წლის თებერვალში გარდაიცვალა. Salford-ის ამოცანას მისი სხვადასხვა ქონებისა და აქტივების მოძიება და მათი ოჯახისთვის დაბრუნება წარმოადგენდა. აქტივების აღდგენა/მოძიების მიზნით Salford-მა დააფუძნა Recovery Partners GP Limited და Revoker LLP, სადაც ასევე მენეჯერული პოზიციები ეკავათ რუხაძესა და მის ბიზნესპარტნიორებს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილებით, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ირაკლი რუხაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა, ბენჟამენ მარსონმა და იგორ ალექსეევმა გადადგეს მიზანმიმართული ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც Salford-ის მიერ დაფუძნებული კომპანიები მილიარდერის ოჯახისთვის აქტივების დაბრუნების სქემას ჩამოშორდნენ. სანაცვლოდ კი ეს პროექტი მათ მიერ დაფუძნებულმა Hunnewell Partners-მა მიითვისა და განახორციელა. შედეგად, რუხაძის ჰოლდინგმა ამ აქტივების მართვის პროცენტთან ერთად მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავალი და აქტივები მიიღო.

სასამართლო განაჩენის თანახმად, Salford-ის ჩამოშორების შემდეგ ირაკლი რუხაძემ, ბენჯამენ მარსონმა და იგორ ალექსეევმა პატარკაციშვილის აქტივების მოძიება/შეგროვება მათ მიერ ამ მიზნით სპეციალურად დაარსებული კომპანია Hunnewell Partners-ის საშუალებით დაასრულეს. ამასთან, წლების განმავლობაში მათ რიგი სერიოზული ინვესტიციები განახორციელეს საქართველოში, მათ შორის Hunnewell-ის სახელით. ინვესტიციებს შორის იყო “ლიბერთი ბანკის”, “რუსთავის მეტალურგიული ქარხნის”, “მაგთიკომისა” და “ჰაიდელბერგცემენტის” აქციების შესყიდვა. პატარკაციშვილის ოჯახს, მილიარდერის გარდაცვალების შემდეგ, სულ 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ქონება დაუბრუნდა და აღნიშნულ პროცესში მოპასუხეებმა გასამრჯელოს სახით მნიშვნელოვანი ქონება დააგროვეს.

ირაკლი რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა თავდაპირველი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა 2019 წლის მარტში სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.

2019 წელსვე განისაზღვრა კომპენსაციის ფორმაც – მოსარჩელეებმა აირჩიეს მოპასუხეთა მიერ ფიდუციარული ვალდებულების დარღვევით მითვისებული ქონების ღირებულება და აღნიშნული კაპიტალის გამოყენების შემდგომი, დამატებით მიღებული მოგების ანაზღაურება (Account for profits). 2022 წლის 25 ივლისს სასამართლომ გადასახდელი კომპენსაციის მოცულობის განსაზღვრის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნულ პერიოდში 170 მილიონ დოლარზე მეტ თანხად შეფასდა, რასაც დროთა განმავლობაში პროცენტიც ემატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი