ახალი ამბები

„ოცნების“  პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „FARA-ს ასლი“

18 მარტი, 2025 •
„ოცნების“  პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „FARA-ს ასლი“

„ქართული ოცნების“  პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო  კანონპროექტი, რომელიც მმართველი პარტიის თქმით, ამერიკული „FARA-ს ასლია“ ( უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის).

კანონის აღმასრულებელი ორგანო ანტიკორუფციული ბიურო იქნება, რომლის ხელმძღვანელიც რაჟდენ კუპრაშვილია.

როგორც „ოცნებაში“ აცხადებენ, „FARA-ს ასლი“ გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე დღეს საქართველოში მოქმედი ე.წ. გამჭვირვალობის კანონი (რუსული კანონი).  ახალი კანონით ფართოვდება წრე, ვისზეც შეიძლება ის გავრცელდეს.

„FARA-ს ასლით“ ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება ჩაითვალოს უცხოური ძალის ჩარევად და ასევე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი – აგენტად.

„თუ საქართველოში დღეს მოქმედი „გამჭვირვალობის კანონი“ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ონლაინ მედიებსა თუ მაუწყებლებზე ვრცელდება, ამერიკული კანონი ვრცელდება ფიზიკურ პირებზეც. ფიზიკური პირი შეიძლება უცხოურ ძალადაც იყოს და ასევე აგენტადაც.

ვრცელდება აბსოლუტურად ნებისმიერ კორპორაციაზე, ნებისმიერ მეწარმეზე, რა ფორმითაც არ უნდა იყოს იგი ორგანიზებული. იქნება ეს შპს თუ არა შპს, იქნება ეს ფიზიკური პირი თუ არა, პირთა გაერთიანება იურიდიული პირი, სტატუსის გარეშე… ნებისმიერი ფორმა, რაც კი არსებობს საკანონმდებლო სივრცეში, აბსოლუტურად ყველაზე გავრცელდება.

ერთი დათქმით, რომ აუცილებელია, აგენტი უცხოური ძალის გავლენის ქვეშ უნდა იყოს, მისი დავალებების შესაბამისად უნდა მოქმედებდეს და ამავდროულად უნდა იყოს ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში, პოლიტიკურ აქტივობებში და არა მხოლოდ, იქნება ეს, მაგალითად, სარეკლამო [საქმიანობა] თუ ნებისმიერი ისეთი ფორმა, რომელიც საზოგადოებაზე გავლენას ახდენს…

ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, არაკომერციული იურიდიული პირების სახით იყვნენ დარეგისტრირებული ან იყვნენ მაუწყებლები, მათზე ვრცელდებოდა დარეგისტრირების ვალდებულება. გარდა იმ შემთხვევისა, თუ 20%-ზე ნაკლებით იყო უცხოური დაფინანსება მათ ბიუჯეტებში. ამერიკული კანონით 1 თეთრიც კი შეიძლება გახდეს სავალდებულო ხასიათის, რომ კონკრეტული ფიზიკური ან იურიდიული პირი დარეგისტრირდეს გამჭვირვალობის რეესტრში“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი არჩილ გორდულაძე.

უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტით გათვალისწინებული განაცხადის წარუდგენლობისთვის ან  უცხოეთის აგენტად დარეგისტრირებაზე თავის არიდებისთვის გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

„თუ ხელმძღვანელისა და მმართველის ფუნქციების შემსრულებელი პირი არ შეასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.

თანმდევ პროექტში, რომელიც არის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, შავით თეთრზე გვიწერია, რომ შესაძლებელია, კონკრეტული პუნქტების და მუხლების დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაკისრებული იყოს ჯარიმა არაუმეტეს 5 ათასი ლარის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთა 6 თვემდე ვადით, ჯარიმით არაუმეტეს 5 ათასი ლარით ან უამისოდ, ხოლო სხვა დარღვევების შემთხვევაში ჯარიმა არაუმეტეს 10 ათასი ლარის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით, ჯარიმით არაუმეტეს 10 ათასი ლარით ან უამისოდ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი