დღეს, 17 მარტს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მმართველი პარტიის თქმით, ამერიკული „FARA-ს ასლია“ ( უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის).
მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვისას „ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ იმ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, რომელსაც მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი ხელმძღვანელ პირებს აკისრებს.
მისი თქმით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არის გათვალისწინებული, მათ შორის, მენეჯერებისთვის, ხელმძღვანელებისათვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან, რომ „ქართული FARA-ს“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები იყოს შესრულებული.
როგორც გორდულაძე ამბობს, თუ ისინი ვალდებულებებს არ შეასრულებენ, შესაბამისად ექნებათ პასუხისმგებლობა დამდგარი სისხლის სამართლის წესით.
„უცხოური პრინციპალის მიერ დასაქმებულ პირთა პასუხისმგებლობა – აქ საუბარია შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელის, მმართველის ან იმ პირის მიმართ, რომელიც ახორციელებს ხელმძღვანელის ან მმართველის ან იმ პირის მიმართ, რომელიც ახორციელებს ხელმძღვანელისა და მმართველის ფუნქციებს. მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული პირის ხელმძღვანელები არიან, ამ ადამიანებს აქვთ ზუსტად ვალდებულება, რომ შესაბამისად დარეგისტრირდნენ და გაიარონ რეგისტრაცია და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდონ ანტიკორუფციულ ბიუროს შემდგომში გამოსაქვეყნებლად.
თუ ეს ადამიანები ამ ყველაფერს არ შეასრულებენ, მათზე პირდაპირ არის ჩანაწერი: „თუ ხელმძღვანელისა და მმართველის ფუნქციების შემსრულებელი პირი არ შეასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.
თანმდევ პროექტში, რომელიც არის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, შავით თეთრზე გვიწერია, რომ შესაძლებელია, კონკრეტული პუნქტების და მუხლების დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაკისრებული იყოს ჯარიმა არაუმეტეს 5 ათასი ლარის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთა 6 თვემდე ვადით, ჯარიმით არაუმეტეს 5 ათასი ლარით ან უამისოდ, ხოლო სხვა დარღვევების შემთხვევაში ჯარიმა არაუმეტეს 10 ათასი ლარის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით, ჯარიმით არაუმეტეს 10 ათასი ლარით ან უამისოდ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
გორდულაძის თქმით, მათი კანონპროექტი მკაცრია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვრცელდება ფიზიკურ პირებზე, იურიდიულ პირებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ მედიის წარმომადგენლებზე, არამედ მათ შორის სანქციების თვალსაზრისითაც.
„არა მხოლოდ ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსში, არამედ პირდაპირ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების პირების პასუხისმგებლობა შეიძლება, რომ დადგეს“, – აცხადებს არჩილ გორდულაძე.
როგორც კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას გახდა ცნობილი, კანონის აღმასრულებელი ორგანო ანტიკორუფციული ბიურო იქნება, რომლის ხელმძღვანელიც რაჟდენ კუპრაშვილია.
როგორც კანონპროექტზე მომხსენებელმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, აშშ-ში FARA-ს აღსრულებას იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს, თუმცა ქართულ რეალობაში ასეთი ფიზიკურად არავინაა.
არჩილ გორდულაძის თქმით, „FARA-ს ასლი“ გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე დღეს საქართველოში მოქმედი ე.წ. გამჭვირვალობის კანონი (რუსული კანონი). მისი თქმით, ახალი კანონით ფართოვდება წრე, ვისზეც შეიძლება ის გავრცელდეს.
როგორც გორდულაძემ განაცხადა, „FARA-ს ასლით“ ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება ჩაითვალოს უცხოური ძალის ჩარევად და ასევე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი – აგენტად.
„ოცნების“ გადაწყვეტილებით, FARA-ს „ასლის“ აღმსრულებელი იქნება ანტიკორუფციული ბიურო