ახალი ამბები

„ოცნების“ გადაწყვეტილებით, FARA-ს „ასლის“ აღმსრულებელი იქნება ანტიკორუფციული ბიურო

3 მარტი, 2025 •
„ოცნების“ გადაწყვეტილებით, FARA-ს „ასლის“ აღმსრულებელი იქნება ანტიკორუფციული ბიურო

„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მმართველი პარტიის თქმით,  ამერიკული „FARA-ს  ასლია“ ( უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის).

როგორც კომიტეტზე განხილვისას გახდა ცნობილი, კანონის აღმასრულებელი ორგანო ანტიკორუფციული ბიურო იქნება, რომლის ხელმძღვანელიც რაჟდენ კუპრაშვილია.

როგორც კანონპროექტზე მომხსენებელმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა,  აშშ-ში FARA-ს აღსრულებას იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს, თუმცა ქართულ რეალობაში ასეთი ფიზიკურად არავინაა.

„საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, კოლეგებო, გთავაზობთ, რომ აღმასრულებელი ამ კანონისა იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ანტიკორუფციული ბიურო და ანტიკორუფციულმა ბიურომ უზრუნველყოს კანონით გათვალისწინებული თითოეული დებულების აღსრულება და კონტროლი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამასთან, არჩილ გორდულაძის თქმით, თუ ამერიკულ კანონში გარკვეულ მოქმედებებს ახორციელებს სახელმწიფო მდივანი, „ოცნების“ კანონში მის ნაცვლად საგარეო საქმეთა მინისტრს მიუთითებენ.

მისი თქმით, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტით გათვალისწინებული განაცხადის წარუდგენლობისთვის ან  უცხოეთის აგენტად დარეგისტრირებაზე თავის არიდებისთვის, გათვალისწინებული იქნება დაჯარიმება 10 ათასი ლარით ან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.

არჩილ გორდულაძის თქმით, „FARA-ს ასლი“ გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე დღეს საქართველოში მოქმედი ე.წ. გამჭვირვალობის კანონი (რუსული კანონი). მისი თქმით, ახალი კანონით ფართოვდება წრე, ვისზეც შეიძლება ის გავრცელდეს.

როგორც გორდულაძემ განაცხადა,  „FARA-ს ასლით“ ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება ჩაითვალოს უცხოური ძალის ჩარევად და ასევე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი – აგენტად.

„თუ საქართველოში დღეს მოქმედი „გამჭვირვალობის კანონი“ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ონლაინ მედიებსა თუ მაუწყებლებზე ვრცელდება, ამერიკული კანონი ვრცელდება ფიზიკურ პირებზეც. ფიზიკური პირი შეიძლება უცხოურ ძალადაც იყოს და ასევე აგენტადაც.

ვრცელდება აბსოლუტურად ნებისმიერ კორპორაციაზე, ნებისმიერ მეწარმეზე, რა ფორმითაც არ უნდა იყოს იგი ორგანიზებული. იქნება ეს შპს თუ არა შპს, იქნება ეს ფიზიკური პირი თუ არა, პირთა გაერთიანება იურიდიული პირი, სტატუსის გარეშე… ნებისმიერი ფორმა, რაც კი არსებობს საკანონმდებლო სივრცეში, აბსოლუტურად ყველაზე გავრცელდება.

ერთი დათქმით, რომ აუცილებელია, აგენტი უცხოური ძალის გავლენის ქვეშ უნდა იყოს, მისი დავალებების შესაბამისად უნდა მოქმედებდეს და ამავდროულად უნდა იყოს ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში, პოლიტიკურ აქტივობებში და არა მხოლოდ, იქნება ეს, მაგალითად, სარეკლამო [საქმიანობა] თუ ნებისმიერი ისეთი ფორმა, რომელიც საზოგადოებაზე გავლენას ახდენს…

ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, არაკომერციული იურიდიული პირების სახით იყვნენ დარეგისტრირებული ან იყვნენ მაუწყებლები, მათზე ვრცელდებოდა დარეგისტრირების ვალდებულება. გარდა იმ შემთხვევისა, თუ 20%-ზე ნაკლებით იყო უცხოური დაფინანსება მათ ბიუჯეტებში. ამერიკული კანონით 1 თეთრიც კი შეიძლება გახდეს სავალდებულო ხასიათის, რომ კონკრეტული ფიზიკური ან იურიდიული პირი დარეგისტრირდეს გამჭვირვალობის რეესტრში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი