ახალი ამბები

ოდირის დასკვნა მიუთითებს ადამიანის უფლებებთან შეუსაბამობაზე – ომბუდსმენი „ოცნების“ რეპრესიულ კანონებზე

17 მარტი, 2025 •
ოდირის დასკვნა მიუთითებს ადამიანის უფლებებთან შეუსაბამობაზე – ომბუდსმენი „ოცნების“ რეპრესიულ კანონებზე

სახალხო დამცველის განცხადებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა საკმაოდ კრიტიკულია.

ომბუდსმენის განცხადებით, ეუთო/ოდირის კრიტიკული დასკვნა მიუთითებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შეუსაბამობაზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტთან.

„ქართული ოცნების“ მიერ 6 თებერვალს მიღებულ რეპრესიულ საკანონმდებლო პაკეტზე  დასკვნა ეუთო/ოდირმა სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე მოამზადა.

აღნიშნული ცვლილებებით, აქციის მონაწილეებს სხვადასხვა აკრძალვები დაუწესდათ, გაიზარდა შეკრების ან მანიფესტაციის წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები, 15 დღიდან 60 დღემდე გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, სპონტანური შეკრების დროს სავალდებულო გახდა თვითმმართველი ორგანოს წერილობითი გაფრთხილება.

„როგორც დასკვნაშია აღნიშნული, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება ხელი შეუწყოს მშვიდობიან შეკრებებს – ასახული უნდა იყოს საკანონმდებლო ჩარჩოსა და შესაბამის პრაქტიკებში. შეზღუდვების განხილვისას, აღნიშნული უფლების სხვა უფლებებსა და ფართო საზოგადოებრივ ინტერესებთან შეპირისპირებისას, სახელმწიფომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს მის ხელშეწყობას არასაჭირო და არაპროპორციულ შეზღუდვებთან შედარებით.

ეუთო/ოდირის დასკვნაში მითითებულია, რომ ზოგიერთი ახალი საკანონმდებლო ცვლილება, როგორებიცაა სპონტანურ აქციებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი შეტყობინების ვალდებულების შემოღება, აქციების დახურულ სივრცეებსა და შენობებში მესაკუთრის წერილობითი თანხმობის გარეშე გამართვის ზოგადი აკრძალვა, დროებითი კონსტრუქციების აღმართვის აკრძალვა, ნიღბით თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით სახის დაფარვის ბლანკეტური აკრძალვა, მკაცრი ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი სანქციები უნდა იყოს გაუქმებული ან მთლიანად გადახედილი. ეუთიო/ოდირი ასევე მიუთითებს, რომ არაპროპორციული სანქციები შესაძლოა თავისთავად იყოს საკმარისი იმისათვის, რომ დადგინდეს მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევა.

დასკვნის მიხედვით, შეკრებების აკრძალვის სხვა საფუძვლები უნდა იყოს გადასინჯული ან, სულ მცირე, უფრო ფრთხილად და ვიწროდ ფორმულირებული, რომ გარანტირებული იყოს მათი ცხადად განსაზღვრა, იყოს მკაცრად აუცილებელი, პროპორციული და შეუსაბამო გავლენა არ იქონიოს მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელებაზე.

როგორც ეუთო/ოდირის დასკვნაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული პატიმრობის, როგორც სანქციის დაკისრება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის დარღვევისათვის უნდა იყოს გაუქმებული, ჯარიმების ოდენობა კი არსებითად უნდა შემცირდეს, განსაკუთრებით მცირე დარღვევებთან დაკავშირებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი პროპორციულობა დამდგარ ზიანთან მიმართებაში“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი