საზოგადოება

ოდირის დასკვნით, აქციებთან დაკავშირებული კანონმდებლობა საერთაშოროსი სტანდარტებთან შეუსაბამოა

15 მარტი, 2025 •
ოდირის დასკვნით, აქციებთან დაკავშირებული კანონმდებლობა საერთაშოროსი სტანდარტებთან შეუსაბამოა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR), საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე მოამზადა სამართლებრივი დასკვნა „ქართული ოცნების“ მიერ 6 თებერვალს მიღებულ რეპრესიულ საკანონმდებლო პაკეტზე.

აღნიშნული ცვლილებებით, აქციის მონაწილეებს სხვადასხვა აკრძალვები დაუწესდათ, გაიზარდა შეკრების ან მანიფესტაციის წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები, 15 დღიდან 60 დღემდე გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, სპონტანური შეკრების დროს სავალდებულო გახდა თვითმმართველი ორგანოს წერილობითი გაფრთხილება.

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ დაჩქარებული წესით და ინკლუზიური კონსულტაციების გარეშე იქნა მიღებული ცვლილებები, რომელსაც მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში უამრავი ახალი შეზღუდვა შემოაქვთ და ამკაცრებენ სისხლის სამართლებრივ და ადმინისტრაციულ სასჯელებს.

ეუთო/ოდირის თანახმად, ამ ცვლილებებიდან რამდენიმე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მათი შესაბამისობის შესახებ ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან, განსაკუთრებით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (ICCPR) 21-ე მუხლთან (მშვიდობიანი შეკრების უფლება) და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლთან (შეკრებისა და გაერთიანებების თავისუფლება).

„ზოგიერთი ახალი საკანონმდებლო დებულება, მათ შორის სპონტანური შეკრებების დაუყოვნებლივ შეტყობინების მოთხოვნა, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დახურულ სივრცეებში ან შენობებში შეკრებების გამართვის ზოგადი აკრძალვა, დროებითი ნაგებობების აღმართვის აკრძალვა ან სახის ნიღბებით ან სხვა საშუალებებით დაფარვის ყოვლისმომცველი აკრძალვა, აგრეთვე მკაცრი ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის სანქციები უნდა გაუქმდეს ან მთლიანად გადაიხედოს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არაპროპორციული სასჯელი თავისთავადაც შეიძლება მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევად ჩაითვალოს“, — ნათქვამია დასკვნაში.

შეკრებების აკრძალვის სხვა შემოთავაზებული საფუძვლები, ეუთო/ოდირის თანახმად, ხელახლა უნდა შეფასდეს ან სულ მცირე, უფრო ფრთხილად და ვიწროდ განიმარტოს, რათა უზრუნველყოს, რომ ისინი მკაფიოდ განჭვრეტადია, ასევე აუცილებელი და პროპორციულია და ზედმეტ გავლენას არ მოახდენს მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობაზე.

ეუთო/ოდირის რეკომენდაციაა, გაუქმდეს შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევისთვის ცვლილებებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობა, დაკისრებული ჯარიმების ოდენობები არსებითად უნდა შემცირდეს, განსაკუთრებით მცირეწლოვანებთან მიმართებაში.

ამ თემაზე:

„ოცნებამ“ რეპრესიული კანონები დაამტკიცა

მასალების გადაბეჭდვის წესი