ახალი ამბები

„ოცნებამ“ რეპრესიული კანონები დაამტკიცა

6 თებერვალი, 2025 •
„ოცნებამ“ რეპრესიული კანონები დაამტკიცა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა რეპრესიული კანონები, რომლის მიღებაც უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე გადაწყვიტა.

ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ცვლილებები შეკრების თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული, ვინაიდან პროტესტის უფლების ბევრ ასპექტს სამართალდარღვევად აცხადებს და მისი მიზანი შეკრების თავისუფლების ჩახშობაა.

„ქართული ოცნების“ რეპრესიული ცვლილებები გააკრიტიკა სახალხო დამცველმაც. ომბუდსმენის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები „ეხება შეკრების, გამოხატვის თუ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციას და ქმნის ამ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის საფრთხეებს”.

სახალხო დამცველი „ქართული ოცნებას“ მოუწოდებდა, რომ  ცვლილებები დაჩქარებული წესით არ განეხილათ, თუმცა მმართველმა პარტიამ ომბუდსმენის მოწოდება არ გაითვალისწინა და რეპრესიული კანონი ფორმალურად 4 დღეში განიხილა და დაამტკიცა.

ომბუდსმენმა „ოცნების“ რეპრესიულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირს მიმართა და სამართლებრივი დასკვნის მომზადება სთხოვა.

„ოცნების“ რეპრესიულ კანონებს გამოხმაურება მოჰყვა ევროკავშირისგანაც. გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ უფრო მეტად გამოუთხრის ძირს მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს.

რაც შეეხება დამტკიცებულ კანონებს, რომელიც „ოცნებამ“ ცვლილებები შეიტანა: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და პოლიციის შესახებ კანონში.

„ოცნების“ გადაწყვეტილებით, შეიცვალა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი და შემოვიდა სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ცნება, ასევე 15-დან 60 დღემდე გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა და რამდენჯერმე გაიზარდა ჯარიმები.

„ოცნების“ გადაწყვეტილებით, მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. მათ შორის:

  • მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში, აქციების ჩატარება;
  • წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვანდალიზმისთვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და  მათი შეურაცხყოფისათვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისათვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული კანონდარღვევისათვის ჯარიმები იზრდება და ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც 60 დღემდე;
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით.

სისხლის სამართლის კოდექსში „ოცნება“ შემდეგ ცვლილებებს გეგმავს:

  • ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. არსებული ცვლილებით ამ ქმედებისათვის განისაზღვრება  პატიმრობა 3 წლამდე ვადით;
  • იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის, ძალადობისათვის და ეს ტარდება მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში და დაისჯება პატიმრობით 5- დან 6 წლამდე ვადით;
  • ასევე, მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელსა და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისათვის ჯგუფურობის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში. ეს კონკრეტული გარემოებები გადავა დამამძიმებელ გარემოებებში;
  • სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის  ხელყოფის ფაქტზეც;
  • ახალი ნორმა იქნება და სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც;
  • ასევე, არაერთი ადმინისტრაციული სახდელი გვექნება მათ შორის გამკაცრების მიმართულებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი