“ქართული ოცნების” კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა გაფიცულ სტუდენტებს შეწყვეტილი სტატუსი აღუდგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ გარიცხავენ. დავითულიანის ეს განცხადება სამთავრობო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.

„თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს და მისცა უკანასკნელი გაფრთხილება, რითაც ამოწურა ეს საკითხი, დახურა ყოველგვარი სივრცე პოლემიკისთვის. მისცა შესაძლებლობა თავის სტუდენტებს, ურთიერთობა სტუდენტებსა და რექტორს შორის დაუბრუნდეს აკადემიურ სივრცეს. შესაბამისად, საკითხი ამოწურულია. სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა, მივიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში და, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა რეალურად, ვისი მიზანიც ნამდვილად ეს იყო, განაგრძოს თავისი საქმის კეთება“, – განაცხადა დავითულიანმა საზმაუწყებლის ცნობით.

10 მარტს, დილით თეატრალური უნივერსიტეტის ათამდე გაფიცულმა სტუდენტმა მეილზე მიიღო შეტყობინება, რომ უნივერსიტეტმა მათ აქტიური სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტა.

შემდგომ უნივერსიტეტმა უპასუხა პროტესტში ჩართული რამდენიმე სტუდენტისთვის აქტიური სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ რექტორის ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ იყო გამოცემული. უნივერსიტეტის ცნობით, სტუდენტებს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება სამი სამუშაო დღის განმავლობაში შეეძლოთ.