საზოგადოება

თეატრალურის მინიმუმ 8 მომიტინგე სტუდენტს შეუწყდა სტატუსი

10 მარტი, 2025 •
თეატრალურის მინიმუმ 8 მომიტინგე სტუდენტს შეუწყდა სტატუსი

თეატრალური უნივერსიტეტის ათამდე გაფიცულ სტუდენტს უნივერსიტეტმა აქტიური სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტა. ინფორმაცია სტატუსის შეწყვეტის თაობაზე სტუდენტებმა უნივერსიტეტის მეილით დღეს დილით მიიღეს.

ნეტგაზეთი ამ დრომდე ცდილობს გაარკვიოს ზუსტი რაოდენობა სტუდენტებისა, რომელთაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ აქტიური სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტა. როგორც ნეტგაზეთს სტუდენტებმა უთხრეს, მსგავსი შინაარსის მეილი მინიმუმ 8 სტუდენტმა მიიღო და ინფორმაციას კიდევ აზუსტებენ, შესაბამისად, რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა 80 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში უწყვეტად რჩებოდა უნივერსიტეტის ფოიეში, ვიდრე გუშინ, 9 მარტს, მათივე თქმით, პოლიციის ძალით, იძულებით არ მოუწიათ შენობის დატოვება.

ჯერ კიდევ გუშინ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან გაფიცვაზე წერილობითი ნებართვის არარსებობის გამო პოლიციამ გაფიცული სტუდენტები 5000-5000 ლარით დააჯარიმა, დღეს კი იმავე სტუდენტებს აქტიური სტუდენტის სტატუსი შეუწყდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი