თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები ამავე უნივერსიტეტის რექტორს შუამდგომლობით მიმართავენ, რომ შეაჩეროს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც 10 სტუდენტს სტატუსი შეუწყდა.
ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების შეცვლა ახლა სწორედ უნივერსიტეტის რექტორს შეუძლია. გასაჩივრების შემთხვევაში რექტორი უფლებამოსილია, ერთი თვის ვადაში მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
„მხოლოდ სამყაროს აქტიურ აღქმას და მასზე ხელოვნების ხერხებით უშუალო რეაქციას ძალუძს, აღზარდოს ჭეშმარიტი ხელოვანი და მოქალაქე, მაშასადამე, მოაზროვნეც. ჩვენი საქმე კი ისაა, მათში გამოვაღვიძოთ იმის აუცილებლობა, რომ ცხოვრებაში საკუთარი პოზიცია ჰქონდეთ“,- მიხეილ თუმანიშვილი
ბატონო გიორგი, მოგეხსენებათ, რომ უნივერსიტეტის ეთიკის კომისიამ სტუდენტებს:
1. ქეთევან ჯავახიშვილს,
2. მარიამ მაყაშვილს,
3. ლუკა ჯაფარიძეს,
4. ბაია კერესელიძეს,
5. ნინო გოგიას,
6. ამირან ჯიმშერაშვილს,
7. შაკო სირბილაშვილს,
8. ლიზა წერეთელს,
9. ნანიტა მამესწარაშვილს,
10. თემო ვაჭარაძეს
შეუჩერა სტუდენტის სტატუსი.
ჩვენ, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები ვშუამდგომლობთ მათ და გთხოვთ, რომ უნივერსიტეტის უმაღლესმა პირმა, რექტორმა შეაჩეროთ კომისიის ეს გადაწყვეტილება. ახალგაზრდებს მისცეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
ვინაიდან მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებზე, ახალგაზრდებზე მეტად, თითოეული ჩვენგანი, მათი პედაგოგები ვართ პასუხისმგებლები. ასევე, ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენს სტუდენტებთან ურთიერთობის მოგვარება პოლიციის „დახმარებით“. და, ვფიქრობთ, ეთიკის კომისიაზე სწორედ იმ პირთა საკითხია განსახილველი, რომლებმაც თავიანთი ქმედებით უნივერსიტეტის პრესტიჟი და სახელი შელახეს“, – ნათქვამია თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და თანამშრომლების განცხადებაში.
განცხადებას უერთდებიან:
პროფესორი, ლელა ოჩიაური
პროფესორი: დათო ჯანელიძე
ასოცირებული პროფესორი: მარინე ვასაძე
ასოცირებული პროფესორი: თამარ ცაგარელი
ასოცირებული პროფესორი: ეკატერინე კიკნაძე
ასოცირებული პროფესორი: ლაშა ჩხარტიშვილი
ასისტენტ პროფესორი: მარიკა მამაცაშვილი
ასისტენტ პროფესორი: თემო კუპრავა
მოწვეული პედაგოგი, თეატროლოგიის დოქტორი: ანა კვინიკაძე
მოწვეული პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი: ნათია წულუკიძე
კინომცედნეობიე დოქტორი, მოწვეული პედაგოგი: ქეთევან პატარაია
მოწვეული პედაგოგი: ქეთევან მაჭავარიანი
მოწვეული პედაგოგი: ალექსანდრე კობერიძე
სასწავლო – სამეცნიერო არქივის დირექტორი, პედაგოგი: ეკატერინე კონტრიძე
სასწავლო – სამეცნიერო არქივის თანამშრომელი: რუსუდან კვარაცხელია
კინო-ტელე ფაკულტეტის ასისტენტი: ლევან მახარაძე
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მოწვეული პედაგოგი: ანანო მირიანაშვილი
დოქტორანრი, მოწვეული პედაგოგი: ნინო ნამიჭეიშვილი
დოქტორანტი, მოწვეული პედაგოგი: ტატო ჩანგელია
დოქტორანტი, ასისტენტ პროფესორი: თათა თავდიშვილი
დღეს, 10 მარტს, დილით თეატრალური უნივერსიტეტის ათამდე გაფიცულმა სტუდენტმა მეილზე მიიღო შეტყობინება, რომ უნივერსიტეტმა მათ აქტიური სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტა.
როგორც ნეტგაზეთს სტუდენტებმა უთხრეს, მსგავსი შინაარსის მეილი მინიმუმ 8 სტუდენტმა მიიღო და ინფორმაციას კიდევ აზუსტებენ, შესაბამისად, რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს.
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა 80 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში უწყვეტად რჩებოდა უნივერსიტეტის ფოიეში, ვიდრე გუშინ, 9 მარტს, მათივე თქმით, პოლიციის ძალით, იძულებით არ მოუწიათ შენობის დატოვება.
ჯერ კიდევ გუშინ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან გაფიცვაზე წერილობითი ნებართვის არარსებობის გამო პოლიციამ გაფიცული სტუდენტები 5000-5000 ლარით დააჯარიმა, დღეს კი იმავე სტუდენტებს აქტიური სტუდენტის სტატუსი შეუწყდათ.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი პაუხობს პროტესტში ჩართული რამდენიმე სტუდენტისთვის აქტიური სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რექტორის ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ არის გამოცემული. უნივერსიტეტის ცნობით, სტუდენტებს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება სამი სამუშაო დღის განმავლობაში შეუძლიათ.