ახალი ამბები

რუსეთმა კურსკში რამდენიმე დასახლებაზე კონტროლი აღადგინა

10 მარტი, 2025 •
რუსეთმა კურსკში რამდენიმე დასახლებაზე კონტროლი აღადგინა

რუსეთის არმიამ გაარღვია უკრაინის თავდაცვითი ხაზი კურსკის ოლქში, სუჯის სამხრეთით, და რამდენიმე დასახლება დაიკავა.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, მათ კონტროლი აღადგინეს 10-მდე დასახლებაზე.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, გეოლოკაციური კადრები მიუთითებს, რომ რუსულმა ძალებმა დაიკავეს ნოვაია სოროჩინა, მალაია ლოკნია და ლებედევკა, ასევე ტერიტორია ამ დასახლებებს შორის.

8 მარტს, დილით, ასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე გაუქმებული გაზსადენით გავიდა უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებზე სუჯის რაიონში. იმავე დღეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ კურსკის რეგიონში სიტუაცია სარდლობის კონტროლს ექვემდებარება და რუსეთის სპეცრაზმი, რომელიც გაზსადენით გადაადგილდა, მძიმე დანაკარგებს განიცდის.

ISW აღნიშნავს დროებითი კორელაციას უკრაინისთვის აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციის  გაზიარების შეჩერებასა და კურსკში რუსეთის წინსვლას შორის. უკრაინის მთავრობის წყარომ Time-ს განუცხადა, რომ დაზვერვის მონაცემების გაზიარების შეჩერებამ ყველაზე მეტად იმოქმედა სწორედ უკრაინის ოპერაციებზე კურსკის ოლქში.

„მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის ბოლოს ამისათვის საკმარისი ძალები დააჯგუფეს, რუსი სამხედროები ადრე არ ანიჭებდნენ პრიორიტეტს კურსკის ოლქიდან უკრაინული ძალების გამოდევნის მცდელობებს და კონცენტრირებული იყვნენ შემდგომ წინსვლაზე აღმოსავლეთ უკრაინაში. პირდაპირი კავშირი აშშ-ის დაზვერვის გაზიარების შეჩერებასა და უკრაინის თავდაცვის ხაზის დაშლის დაწყებას შორის კურსკის ოლქში გაურკვეველია, თუმცა კრემლის ოფიციალურმა პირებმა ახლახან გამოაცხადეს, რომ აპირებენ ისარგებლონ აშშ-ის სამხედრო დახმარებისა და დაზვერვის გაზიარების შეჩერებით, რათა უკრაინულ ძალებს მოკლე დროში მაქსიმალური ზიანი მიაყენონ“, — წერს ISW.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სადაცაა დაასრულებს პაუზას დაზვერვის მონაცემების გაზიარებაში. ტრამპის თქმით, ის კარგ შედეგს ელის საუდის არაბეთში უკრაინელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებიდან.

CIA-ს დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა დაზვერვის გაზიარება უკრაინასთან და ზეწოლა მოახდინა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკიზე, რათა მას ტრამპთან ეთანამშრომლა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი