ვანო აბრამაშვილი, კავკასიის საკითხების ექსპერტი და კონფლიქტოლოგი, აფხაზეთში ჩატარებული უკანასკნელი არჩევნების ტენდენციებსა და მოსკოვის გაძლიერებულ გავლენაზე საუბრობს. მისი თქმით, კრემლის ასეთი ღია და არაორაზროვანი მხარდაჭერა არცერთ კანდიდატს აქამდე არ ჰქონია, რაც შესაძლოა რუსული კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერების ნიშანი იყოს. გარდა ამისა, ის აფასებს აფხაზეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებს, მოსალოდნელ საზოგადოებრივ რეაქციას და იმ გავლენას, რასაც თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობების დინამიკა კონფლიქტზე მოახდენს.


   “რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია აფხაზეთში სტაბილურობის შენარჩუნება”

– არის რაიმე ახალი ტენდენცია, რაც აფხაზეთის ახალმა არჩევნებმა გამოავლინა? როგორც მახსოვს, კრემლის ასეთი ღია მხარდაჭერა არცერთ კანდიდატს აქამდე არ ჰქონია. რას ნიშნავს ეს? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოსკოვი კიდევ უფრო გააძლიერებს კონტროლს აფხაზეთში?

ასეთი ღია მხარდაჭერა მართლაც იშვიათია აფხაზეთის დე ფაქტო არჩევნების ისტორიაში. ეს სიტუაცია ბევრს 2004-2005 წლის პერიოდს ახსენებს, როდესაც ბაღაფში-ხაჯიმბას კანდიდატებს შორის რუსეთმა აშკარად დაუჭირა მხარი რაულ ხაჯიმბას, თუმცა ამის შემდეგ მსგავსი რამ აღარ გვინახავს. დღეს კი კრემლმა უფრო დახვეწილი მეთოდები აირჩია. ბადრა გუნბას მხარდასაჭერად რუსეთმა არაერთი მაღალი დონის შეხვედრა მოაწყო აფხაზეთის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ, და რუსეთის დუმიდან დაწყებული, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნით, მარია ზახაროვათი დამთავრებული, იმართებოდა შეხვედრები. ამასთან, ბადრა გუნბას მთავარი კონკურენტის, ადგურ არძინბას წინააღმდეგ აქტიურად ჩართო პროპაგანდისტული არხები. არძინბას თურქეთის გავლენის აგენტად აცხადებდნენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან მან გიულენის სკოლა დაამთავრა ჯერ კიდევ 90-იან წლებში.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ მოსკოვი აფხაზეთში არსებული კურსიდან გადახვევას არ დაუშვებს. სტაბილურობის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის და ნებისმიერ დისონანსს თავიდან აიცილებს.

– 2019 წლის საპროტესტო გამოსვლები და ვადამდელი არჩევნები გამოიწვია პრორუსული პოლიტიკის წინააღმდეგ უკმაყოფილებამ. ახლა კი კვლავ კრემლის მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვა. როგორ შეიძლება განვითარდეს აფხაზეთის შიდაპოლიტიკური პროცესები? მოსალოდნელია ახალი პროტესტი?

ის პრობლემები, რაც აფხაზეთის წინა ვადამდელი არჩევნების მიზეზი გახდა, არსად წასულა. პირიქით, ახლა ისინი ახალი ენერგიითა და “ლეგიტიმაციით” დაბრუნდება ველოდები, რომ საზოგადოებაში გაძლიერდება უკმაყოფილება, თუმცა, სავარაუდოდ, ეს პროტესტი უფრო ფრთხილი და ნაკლებად ღია იქნება. ამ არჩევნებმა ცხადყო, რომ რუსეთისთვის გადაულახავი წითელი ხაზი ბჟანიას მიერ აღებული კურსის გაგრძელებაა. ამიტომ მოსკოვი არ შეეგუება პროტესტის ახალ ტალღას და თუ მღელვარება გაჩნდა, ყველაფერს გააკეთებს მის დასათრგუნად – იქნება ეს დაშინება, სადამსჯელო ღონისძიებები თუ სხვა ბერკეტების გამოყენება.

ამ პროცესებში მნიშვნელოვანია ისიც, ვინ როგორაა მობილიზებისთვის მზად. არძინბას ამომრჩეველი გაცილებით უფრო აქტიურია და ქუჩაში გასვლის პოტენციალი აქვს, ვიდრე ბადრა გუნბას მხარდამჭერებს, რომელთა უმეტესობას ადმინისტრაციული რესურსი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები შეადგენდნენ. აქედან გამომდინარე, თუ პროცესები კვლავ ქუჩის პოლიტიკის მიმართულებით წავიდა, უპირატესობა სწორედ არძინბას ექნება.

გარდა ამისა, რუსეთმა აფხაზეთის კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრა და პროცესების ზედამხედველად კირიენკოს დონის კურატორი დანიშნა. ეს ნიშნავს, რომ თუ პროტესტი საწყის ეტაპზევე წამოიზარდა, მოსკოვი სწრაფ და მკაცრ რეაგირებას ეცდება. ერთ-ერთი ბერკეტი, რომელიც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააქტიურდება, რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის მექანიზმია, რომელიც უკვე გამოყენებულია ოპოზიციურად განწყობილი აფხაზების წინააღმდეგ.

– “ქართული ოცნება” დასავლეთის ქვეყნებთან სულ უფრო რთულ მდგომარეობაში ვარდება და პოლიტიკურ მხარდაჭერას კარგავს. როგორ აისახება ეს კონფლიქტების მოგვარების პროცესზე? მოსალოდნელია თუ არა საერთაშორისო მხარდაჭერის შესუსტება?

საერთაშორისო სამართლის პერსპექტივიდან კონფლიქტური რეგიონების მიმართულებით არანაირი განსაკუთრებული ძვრები მოსალოდნელი არ არის. დასავლელი პარტნიორები კვლავ განაგრძობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, თუმცა, როგორც ჩანს, მათი აქტიურობა შემცირდება. ეს პროცესი უკვე შესამჩნევია, რადგან დასავლური ჩართულობა დამოკიდებულია ორმხრივ ურთიერთობებზე.

ჩვენი თანამშრომლობა დასავლეთთან ახლა ძირითადად მულტილატერალური ფორმატის ფარგლებში მიმდინარეობს. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, აქ დინამიკა სუსტდება, რაც გავლენას მოახდენს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებზეც. შესაძლოა, უფრო იშვიათად მოვისმინოთ საერთაშორისო განცხადებები არჩევნებთან ან სხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით, რაც საქართველოსთვის პრობლემა გახდება.

არაღიარების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი სწორედ ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების გაძლიერებაა, რომელიც ახლა საფრთხის წინაშე დგას. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ არაღიარების პოლიტიკა კრახს განიცდის, თუმცა მისი დეტალებისადმი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება შესუსტდება.

-„ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულმა ნაბიჯებმა როგორ შეიძლება იმოქმედოს კონფლიქტის მოლაპარაკებების პერსპექტივაზე? ადევნებ თუ არა თვალს შიდააფხაზურ დისკუსიებს ამასთან დაკავშირებით, რას ფიქრობენ? 

საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა აფხაზეთში იმ შეხედულებას ამყარებს, რომ თბილისი რუსეთის ალტერნატივად ვერ ჩაითვლება. აფხაზეთისთვის მიმზიდველი იყო ის საქართველო, რომელიც ევროპული ღირებულებების გზას მიჰყვებოდა. როცა ჩვენ დემოკრატიული უკუსვლა გვაქვს, აფხაზეთში ეს აღიქმება, როგორც კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ თბილისი და მოსკოვი ერთ გზაზე დგანან. შედეგად, მცირდება შანსი იმისა, რომ თბილისი მათთვის ოდესმე სანდო პარტნიორი გახდეს.

აფხაზეთის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებში, განსაკუთრებით ოპოზიციურ ფლანგზე, ამის შესახებ პერიოდულად საუბრობენ, მაგრამ ამ არჩევნებმა ყველაფერი გადაფარა. თუმცა, თუ შიდაპოლიტიკური დაპირისპირება გამწვავდა, მსგავსი საკითხები ისევ აქტუალური გახდება.

– თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობების დინამიკა როგორ შეიძლება აისახოს აფხაზეთზე? აფხაზურმა ელიტამ შეიძლება ეს საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს?

აფხაზებისთვის ყველაზე დიდი შიში ისაა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის მათ ზურგს უკან რაიმე მოლაპარაკება შედგეს. ასეთი ეჭვები ყოველთვის არსებობს, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ამ თემას ოპონენტების საწინააღმდეგოდ იყენებს. თუმცა, რეალურად, მოსკოვი აფხაზეთს არავითარ დამოუკიდებლობის ელემენტს არ დაუთმობს, ხოლო თბილისთან ფარული გარიგება, რომელსაც რეალური შედეგი მოჰყვება, პრაქტიკულად შეუძლებელია.

ამ ეტაპზე ეს თემა აფხაზურ დისკუსიებში შედარებით უკანა პლანზე გადავიდა, რადგან ყველა რესურსი საპრეზიდენტო არჩევნებს მოანდომეს. თუმცა, თუ მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობები კიდევ უფრო გაურკვეველი გახდება, ეს საკითხი კვლავ გააქტიურდება, განსაკუთრებით შიდაპოლიტიკური ბრძოლის კონტექსტში.