ეროვნული ბანკის განცხადებით, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 2.4% შეადგინა, ხოლო იანვართან შედარებით ფასები 0.4%-ით გაიზარდა.
სებ-ის თანახმად, საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.0% შეადგინა. ხოლო ადგილობრივმა ინფლაციამ თებერვალში 3.0% შეადგინა.
სებ-ის განცხადებით, თებერვალში გასულ თვესთან შედარებით სამომხმარებლო კალათაში ყველაზე მნიშვნელოვანი საავადმყოფოს მომსახურების და კარტოფილის გაძვირება იყო.
„თითოეული ამ პროდუქტის/მომსახურების გავლენამ თვის ინფლაციაზე 0.1 პპ შეადგინა. თვის ინფლაციის შემცირებაზე დაახლოებით ამდენითვე იმოქმედა შოკოლადის ფილის გაიაფებამ“, – აცხადებს სებ-ი.
სებ-ის ცნობით, წლიურ ჭრილში ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად სურსათის 3.3%-იანი გაძვირება მოქმედებდა, რაც ინფლაციას 1.1 პპ-ით ზრდიდა. სურსათიდან გამოსარჩევი მწვანილის და ზეთის გაძვირება იყო (ჯამური გავლენა ინფლაციაზე 0.5 პპ). საპირისპიროდ, ინფლაციის შემცირებაზე ინტერნეტის (-0.4 პპ) და ანტიბიოტიკების (-0.2 პპ) გაიაფება მოქმედებდა.