კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, თანმხლებ პირებთან ერთად, ვარაზისხევზე დააკავეს. კუპრაძე ამ დროს სოციალური ქსელით პირდაპირ ეთერში იმყოფებოდა.
კუპრაძესთან ერთად დაკავებულები არიან „ლელოს“ წევრები: ბექა ბერიძიშვილი, ჯუბა ლოლაძე, ოთო ფარულავა.
ვიდეოში ისმის ირაკლი კუპრაძის საუბარი პოლიციელებთან, სადაც ეკითხება მათ, რის საფუძველზე გააჩერეს და შეუზღუდეს გადაადგილება, ასევე, იცის თუ არა პოლიციამ, რომ ის და მისი თანმხლები პირები პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენენ. პოლიცია კითხვაზე პასუხობს, რომ მათ აქვთ უფლება გააჩერონ მოქალაქე, დაათვალიერონ თვითონაც და მისი ავტომობილიც. პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებზე კი განსხვავებული კანონმდებლობა არ ვრცელდება. სწორედ ამ კითხვა-პასუხის შემდეგ ჩანს, რომ ირაკლი კუპრაძეს და მის თანმხლებ პირებს მანქანაში ჩაჯდომისკენ მოუწოდებენ, განყოფილებაში გადაყვანას უპირებენ და ლაივი წყდება.
ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, პოლიციის სამმა ეკიპაჟმა გააჩერა.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მათგან ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
განახლება: დაკავებიდან დაახლოებით საათნახევარში ირაკლი კუპრაძე, ბექა ბერიძიშვილი, ჯუბა ლოლაძე და ოთო ფარულავა გაათავისუფლეს. ირაკლი კუპრაძის თქმით, მათ ჩამოართვეს ლაზერი, რომლითაც პარლამენტის შენობაზე სხვადასხვა შინაარსის სტრიქონებს ანათებდნენ. დააჯარიმეს ბექა ბერიძიშვილი აპარატის ფლობისთვის. საქმის წარმოება დაიწყო დანარჩენი პირების მიმართაც, თუმცა, როგორც ამბობენ, მათთვის უცნობი რჩება, რა ტიპის წარმოებაზეა საუბარი.