ბალდის კანიონის მშენებელი კომპანიის, “კანიონი 350”-ის დირექტორი, გიორგი მერკვილაძე ძალადობაში დამნაშავედ ცნეს. საქმე ეხება კანიონის დაცვის მოტივით შექმნილი მოძრაობის ერთ-ერთ წევრზე, ცოტნე თვარაძეზე ძალადობას. კასპის მაგისტრატმა სასამართლომ მერკვილაძე 1000 ლარით დააჯარიმა.
საქმე ეხება 2023 წლის 10 ოქტომბერს მომხდარ შემთხვევას, როცა მერკვილაძეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებთან მარტვილის ოფისში ჰქონდა შეხვდა. შეხვედრაზე მივიდნენ ადგილობრივები, რომლებიც აპროტესტებდნენ კანიონის ტერიტორიის გადაცემას მერკვილაძის კომპანიისთვის და მათთან შეთანხმებისა და მათი ინფორმირების გარეშე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.
ცოტნე თვარაძე ამბობდა, რომ არც ინვესტორი და არც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ადგილობრივების აზრს არ ითვალისწინებენ და არ რთავენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ადგილზე მისულებს მათ უთხრეს, რომ შეხვედრა დახურული იყო და მასზე მოსახლეობის დასწრება არ იყო გათვალისწინებული, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
“ოთახში შემოგვივარდა დაუპატიჟებლად, 3-ჯერ თუ 4-ჯერ ვთხოვეთ დაეტოვებინა და არ დატოვა. გავიდა და ისევ შემოგვიბრუნდა კამერით, მილიონჯერ გაფრთხილებული, მივადე მხარზე ხელი, გავაგდე ოთახიდან და მივკეტე კარი. აი, ამაზე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე”, – უთხრა “ნეტგაზეთს” მერკვილაძემ.
ის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ქუთაისის სააპელაციოში გასაჩივრებას პირებს.
ამ შემთხვევაზე მერკვილაძის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით იყო აღძრული, რაც გულისხმობს ცემას ან ძალადობას, რამაც ტკივილი გამოიწვია. თუმცა ეს არ არის ერთადერთი საქმე მერკვილაძის წინააღმდეგ. მას ბრალი წარდგენილი აქვს ამავე მუხლის მე-2 ნაწილითაც, რაც გულისხმობს იმავე ქმედების ჩადენას, ოღონდ – ჯგუფურად. როგორც თავად მერკვილაძემ გვითხრა, ამ საქმესაც სასამართლო განიხილავს და მოსამართლე გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, რამდენიმე სხდომის შემდეგ მიიღებს.
ამ შემთხვევაში დაზარალებულია ბალდის მოძრაობის კიდევ ერთი აქტივისტი, თაზო რუხაია. ეს შემთხვევა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფისში მომხდარი შემთხვევიდან დაახლოებით ერთ თვეში, 2023 წლის 2 ნოემბერს მოხდა. ამ დროს ბალდელებს კანიონის ტერიტორიაზე უკვე კარვები ჰქონდათ გაშლილ. შელაპარაკება თავდაპირველად მუშებთან მოუვიდათ, ინციდენტში მერკვილაძის ჩართვის შემდეგ კი სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. მერკვილაძე დაპირისპირებას ადასტურებს, მაგრამ ძალადობს უარყოფს.
“იხელთეს მომენტი, როდესაც არც კამერა გვქონდა ჩართული და სულ 4 ადამიანი ვიყავით ადგილზე, ისინი 15-მდე იყვნენ. თავიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, მაგრამ ამას არ დასჯერდნენ. თვითონ ინვესტორი გიორგი მერკვილაძე იყო, ვინც ჩემზე გამოიწია და ხელი გამარტყა. 6-7 ადამიანი დამესია. გამანეიტრალეს, თან მირტყამდნენ. დანარჩენებიც ასე დაჭერილი ჰყავდათ”, – ასე ჰყვებოდა მომხდარს რუხაია 2023 წლის ნოემბერში.
კანიონის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ამ ინციდენტებიდან მალევე შეჩერდა. გიორგი მერკვილაძემ თქვა, რომ მშენებლობა გაგრძელდება მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ დაწყებული ყველა საქმე დასრულდება.
თავად ბალდელები, მშენებლობის შეჩერების მიუხედავად, პროტესტს აგრძელებენ. დღეს ისინი საპროტესტო კარვებში მე-500 ღამეს გაათენებენ.
შპს “კანიონი 350-ს” ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბალდის კანიონის ტერიტორიაზე 24 130 კვ.მ აუქციონის წესით, 40 წლის ვადით გადაეცა. კომპანიას 3 წლის ვადა აქვს ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ვალდებულია, პროექტში 2.8 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადოს.
კანიონს ბუნების ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაექვემდებარა. მოძრაობის პროტესტის საფუძველი, ერთი მხრივ, ეკოლოგიურია და გარემოზე ზიანის საკითხებს უკავშირდება. მეორე მხრივ, პროტესტის მონაწილეები აპროტესტებენ მოსახლეობის უგულებელყოფას იმ გადაწყვეტილების მიღებისას, რომლის შედეგადაც ტერიტორია 40 წლის ვადით კომპანიას გადასცეს.