ახალი ამბები

კონგრესში ტრამპის გამოსვლის ძირითადი აქცენტები

5 მარტი, 2025 •
კონგრესში ტრამპის გამოსვლის ძირითადი აქცენტები

„ამერიკა დაბრუნდა“, – ამ სიტყვებით დაიწყო დონალდ ტრამპმა აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე გრძელი ყოველწლიური საპრეზიდენტო მიმართვა კონგრესში, რომელიც ერთ საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.

დონალდ ტრამპმა თავი შეადარა აშშ-ის პირველ პრეზიდენტს ჯორჯ ვაშინგტონს და თქვა, რომ მისმა ადმინისტრაციამ 43 დღეში იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე პრეზიდენტების უმეტესობამ 4 ან 8 წლის ვადაში.

„ბევრმა განაცხადა, რომ ჩვენი პრეზიდენტობის პირველი თვე… ყველაზე წარმატებულია ჩვენი ერის ისტორიაში. და რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის ამას — იცით, ვინ არის მეორე ნომერი? ჯორჯ ვაშინგტონი“, — თქვა დონალდ ტრამპმა.

დემოკრატი სენატორებს ხელში ეჭირათ საპროტესტო გზავნილები: „ტყუილია“, „მასკი იპარავს“. ზოგიერთმა დემოკრატმა დარბაზი პრეზიდენტის სიტყვის დასრულებამდე დატოვა, კონგრესმენი ალ გრინი კი გააძევეს მას შემდეგ, რაც ფეხზე ამდგარი და ჯოხის ქნევით ტრამპს უყვიროდა, რომ მას არ აქვს მანდატი.

ტრამპმა გაიმეორა საარჩევნო კამპანიის გზავნილები და ჩამოთვალა მის მიერ უკვე გადადგმული ნაბიჯები აშშ-ის საერთაშორისო დახმარების შეჩერების, მიგრაციის კონტროლის, ტარიფების დაწესებისა და გენდერული პოლიტიკის დასრულების შესახებ.

ტრამპმა განაცხადა, რომ დააბრუნა „სიტყვის თავისუფლება“ შეერთებულ შტატებში, ინგლისური აშშ-ის ოფიციალურ ენად აქცია, მექსიკის ყურეს დაარქვა ამერიკის ყურე და შეცვალა ამერიკის უმაღლესი მთის სახელი ალასკაზე.

ტრამპმა გაიმეორა გრენლანდიის შეერთების სურვილი.

„თუ აირჩევთ, ჩვენ მოგესალმებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში“, — განაცხადა დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ აშშ-ს გრენლანდია სჭირდება „ეროვნული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის“.

„ვფიქრობ, ასე თუ ისე, ჩვენ მას მივიღებთ“, — დასძინა დონალდ ტრამპმა.

ასევე თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია „დაიბრუნებს პანამის არხს“.

თავის გამოსვლაში ტრამპმა ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილებების პოლიტიკის შეწყვეტას, რომელსაც „მწვანე თაღლითობა“ უწოდა, აღნიშნა პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან და „კორუმპირებული“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) გამოსვლა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა შეაქო მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი ილონ მასკი “უსარგებლო ხარჯების გამოვლენისა და გაუქმებისთვის”.

„არარჩეული ბიუროკრატების დღეები დასრულდა“, — განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თავის მთავარ პრიორიტეტად დონალდ ტრამპმა ეკონომიკის გადარჩენა დაასახელა და დააანონსა გადასახადების შემცირება, მათ შორის ეროვნულ წარმოებაზე. ასევე თქვა, რომ ინფლაციის დასამარცხებლად მთავარი აქცენტი ელექტროენერგიის საფასურის შემცირებაზე გაკეთდება, რაც შესაძლებელია ბაიდენის მიერ დახურული ბევრი ელექტროსადგურის ახლავე გახსნით.

დონალდ ტრამპმა თავის წინამორბედი, ჯო ბაიდენი დაადანაშაულა კვერცხზე ფასების ზრდაში, ასევე თქვა, რომ ბაიდენი ყველაზე ცუდი პრეზიდენტია აშშ-ის ისტორიაში.

ტრამპმა მოუწოდა კონგრესს, მიიღოს კანონები საზღვრის გასაძლიერებლად.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას სავალდებულო სიკვდილით დასჯის შესახებ ყველასთვის, ვინც კლავს პოლიციელს. ასევე, სთხოვს კონგრესს, მიიღოს უფრო მკაცრი კანონები განმეორებითი დანაშაულისთვის.

კონგრესში სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა დააანონსა აშშ-ის გემთმშენებლობის ინდუსტრიის აღორძინება და გამოაცხადა, რომ მნიშვნელოვნად გაზრდის „კრიტიკული მინერალებისა და იშვიათი წიაღისეულის“ მოპოვებას აშშ-ში.

აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა ძირითადად კონცენტრირებული იყო შიდა საკითხებზე, თუმცა თქვა, რომ დაუღალავად მუშაობს უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად.

მისი ქმით, ყოველ კვირა ათასობით რუსს და უკრაინელს კლავენ და სურს, რომ ეს შეწყდეს.

„გსურთ, ეს კიდევ ხუთი წელი გაგრძელდეს? — მიმართა ტრამპმა კონგრესს.

მან თქვა, რომ მიიღო წერილი უკრაინის პრეზიდენტისგან, ვოლოდიმირ ზელენსკისგან, რომლის მიხედვითაც მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის და წიაღისეულის შეთანხმებაზე ხელის მოწერისთვის, რადგან არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად.

„მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით, რათა მივიღოთ მუდმივი მშვიდობა“, — წაიკითხა ტრამპმა ზელენსკის სიტყვები და თქვა, რომ აფასებს ამ წერილს.

ამონარიდები, რომელიც ტრამპმა წაიკითხა, იდენტურია ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ X-ზე გამოქვეყნებული მიმართვისა, სადაც წუხილი გამოთქვა თეთრ სახლში მომხდარი კამათის გამო და აშშ-თან თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.

ზელენსკის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა LIGA.net-თან მიცემულ კომენტარში დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ტრამპისთვის ცალკე წერილი არ მიუწერია და აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს კითხულობდა.

დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ იყო „სერიოზული დისკუსიები“ რუსეთთან და მშვიდობისთვის მზაობის შესახებ მოსკოვისგან ძლიერი გზავნილები მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი