საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინასა და რუსეთს სთავაზობენ ნაწილობრივ, ერთთვიან ზავს.
ზავი არ მოიცავს სახმელეთო ბრძოლას, თუმცა დაფარავს საჰაერო, საზღვაო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეტევებს.
ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Le Figaro-ს განუცხადა.
„საკითხავი ის არის, თუ როგორ გამოვიყენებთ მოლაპარაკებებს ზავის მოპოვების მცდელობების დროს, რომელსაც რამდენიმე კვირა დასჭირდება და შემდეგ, როგორც კი სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება, ევროპული სამშვიდობოები განლაგდებიან“, — განაცხადა მაკრონმა.
ლონდონში ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხეს, იცოდა თუ არა ამ გეგმის შესახებ. „მე ყველაფერი ვიცი”, — უპასუხა ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტმა.
თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის ფიასკოთი დასრულების შემდეგ, გაერთიანებულმა სამეფომ უმასპინძლა უკრაინის სამიტს. ღონისძიებაში კანადისა და ევროპის 10-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები, ასევე ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნები იმუშავებენ უკრაინაში ომის დასრულების გეგმაზე, შემდეგ კი მას აშშ-თან განიხილავენ.
„შევთანხმდით, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და შესაძლოა, კიდევ 1-2 ქვეყანა იმუშავებს უკრაინაში ბრძოლის შეწყვეტის გეგმაზე, შემდეგ კი ამ გეგმას განვიხილავთ აშშ-თან“, — განაცხადა სტარმერმა.