საბა სხვიტარიძის საქმეზე სასამართლო მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე გადავიდა. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურის მოწმე პოლიციელი, თევდორე გიორგაშვილი გამოიკითხა. მისი მონათხრობი სრულად განსხვავდება იმისგან, რაც წინა სხდომაზე თავად დაკავებულმა მოყვა.
ამბის საკუთარი ვერსიის მოყოლის შემდეგ თევდორე გიორგაშვილს კითხვები დაუსვეს როგორც ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, ისე თავად დაპატიმრებულმა სხვიტარიძემ:
საბა სხვიტარიძე: თქვენ ამბობთ, რომ მაისური რომ ამაწევინეთ, მაშინ აღნიშნავდით ჩემს დაზიანებებს. რომ ვარწყიე, ის მომენტი არ გახსოვთ?
თევდორე გიორგაშვილი: არა.
საბა სხვიტარიძე: მე რა გითხარით, ხელს რატომ არ გიწერთ-მეთქი [გამოკითხვის ოქმზე]?
თევდორე გიორგაშვილი: არ ვიცი, შენ ჩემთან მასეთი რამე არ განგიმარტებია და იმიტომ დავწერე შენიშვნა, რომ ხელის მოწერაზე ჩემთვის გაუგებარი მიზეზით ამბობდით უარს.
საბა სხვიტარიძე: მე გითხარით, რომ ადვოკატის გარეშე ხელს არაფერზე არ მოგიწერდით.
თევდორე გიორგაშვილი: ადვოკატი რომ გეხსენებინათ …
საბა სხვიტარიძე: სასწრაფოს გამოძახება რომ ვითხოვე, რატომ არ დაურეკეთ სასწრაფოს?
თევდორე გიორგაშვილი: ვისთან ახსენე სასწრაფო, აბა?
საბა სხვიტარიძე: თქვენთან. თქვენთანაც და სალომესთანაც [სალომე ედიშერაშვილი, გამომძიებელი]
თევდორე გიორგაშვილი: ჩემთან? ჩემთან რომ გეხსენებინა, აუცილებლად დავრეკავდი სასწრაფოში.
საბა სხვიტარიძე: ადვოკატი რომ ვახსენე?
თევდორე გიორგაშვილი: ადვოკატიც არ გიხსენებიათ, თორემ დავურეკავდით.
საბა სხვიტარიძე: მეორეჯერ რომ შემამოწმეთ, მეორეჯერ რომ ამაწევინეთ მაისური, მაშინ დაზიანებებმა რატომ მოიმატა?
თევდორე გიორგაშვილი: მე ერთხელ შეგამოწმეთ, ბატონო საბა.
საბა სხვიტარიძე: არა, მეორეჯერაც შემამოწმეთ. მაშინ მითხარით, რომ შარვალიც ჩაიწიეო. შენი ხელით დათვალიერება არ მინდაო, მაგის ინტერესი არ მაქვსო, ეგეც მითხარით.
თევდორე გიორგაშვილი: ერთხელ შეგამოწმეთ, ბატონო საბა.
საბა სხვიტარიძე: სალომე რატომ გავიდა მაშინ?
თევდორე გიორგაშვილი: იმიტომ, რომ უხერხული სიტუაცია იყო, მაიკა რომ აიწიეთ, მანდილოსანი იყო და გვერდზე ოთახში გამოვიდა.
საბა სხვიტარიძე: ის ორი ნიღბიანი, ვისაც დაუძახეთ, ისინი ვინ იყვნენ?
თევდორე გიორგაშვილი: ორი ნიღბიანი? წეღან განვმარტე, რომ ნიღბიანი მე-8 სართულზე არავინ არ ყოფილა-მეთქი.
საბა სხვიტარიძე: თქვენ მეხსიერებასთან პრობლემა გქონიათ მაშინ.
თევდორე გიორგაშვილი: ნორმალურად მელაპარაკეთ, ახლა, რა … თქვენა გაქვთ, მე მგონი, მეხსიერებასთან პრობლემა.
რა მოყვა მოწმე პოლიციელმა, თევდორე გიორგაძემ
გიორგაძე ამბობს, რომ საბა სხვიტარიძე დააკავეს მან და დეტექტივმა გიორგი ტაბატაძემ. დაკავების ადგილად ის მიუთითებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობას. გარდა ამისა, გიორგაძე ამტკიცებს, რომ დაკავებისას სხვიტარიძეს განუმარტეს მისი უფლებები.
“დაკავება მოხდა მშვიდ გარემოში. ბატონ საბას გავაცანით დაკავების ოქმი, მაგრამ ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. ასევე, რაღაც უმნიშვნელო დაზიანებები აღენიშნებოდა, რომელიც აღნიშნული იქნა დაკავების ოქმში […] დაზიანებები იყო, ჩემი შეხედვით, უმნიშვნელო და როდესაც ვკითხე, საიდან მიიღო, ბატონმა საბამ დუმილის უფლება გამოიყენა, არაფერი არ მითხრა აღნიშნულ დაზიანებებზე”, – განმარტა მან სასამართლოზე.
გარდა ამისა, მან დაადასტურა, რომ ესწრებოდა სხვიტარიძის გამოკითხვის პროცესს.
რას ჰყვება საბა სხვიტარიძე
წინასასამართლო სხდომაზე, 11 თებერვალს, საბა სხვიტარიძემ დეტალურად მოყვა მისი დაკავებისა და დაკავების შემდეგ პოლიციის დეპარტამენტის შენობაში განვითარებული მოვლენები. ის ამბობს, რომ დააკავეს ზესტაფონისკენ მიმავალ გზაზე, არ განუმარტეს დაკავების საფუძვლები, მისი მოწოდების მიუხედავად, პოლიციელებმა არ ჩართეს სამხრე კამერები, უარი უთხრეს ადვოკატთან დაკავშირებაზე.
სხვიტარიძის თქმით, თბილისში ჩამოსვლამდე, მანქანაში მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ და ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მისვლის შემდეგ პოლიციელმა უთხრა, რომ მოწმის სახით იყო დაბარებული.
“ჩამოვყავართ მანქანიდან, მხსნიან ბორკილებს და პოლიციელი მომმართავს: შენ ახლა მოწმის სახით ხარ აქ დაბარებული და რამე რომ არ გე*ლევა, მაგიტომ გადევს ბორკილებიო. საშვი ამაღებინეს და ისე შემიყვანეს. არ ვიცოდი, მოწმის სახით თუ ვიყავი დაბარებული, რომ მცოდნოდა, უარს განვაცხადებდი და სასამართლოს წინაშე დავიკითხებოდი”, – ამბობს სხვიტარიძე.
მისი თქმით, ჯერ აიყვანეს შენობის მე-5 სართულზე, სადაც აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, დასცინოდნენ და ამცირებდნენ. შემდეგ მასთან შეიყვანეს 4 ნიღბიანი ადამიანი, რომლებიც სასტიკად გაუსწორდნენ ფიზიკურად.
“მირტყამენ თავის და გვერდების არეში ძირითადად. როდესაც ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში ვიყავი დივანზე, ზემოდან დამახტა ერთ-ერთი და ცდილობდა, ხელი მოეტეხა. როცა ვერ მომტეხა, გადმომაგდო დივნიდან, ძირს დამაგდო და მირტყამდნენ ხელებში, ზურგში და თავის არეში. ამის შემდეგ შემოდის ისევ ის ოთხი პოლიციელი, გაჰყავთ ეს [ნიღბიანები] და მეუბნებიან: კიდევ გავიმეორებთო. არ ვიცი, რას ითხოვდნენ ჩემგან, მხოლოდ ძალადობდნენ”, – ჰყვება საბა და ამატებს, რომ ძალადობისა და თავბრუსხვევის შედეგად რამდენჯერმე აერია გული, ითხოვდა ექიმის დახმარებას, თუმცა, უშედეგოდ.
მისი თქმით, მე-8 სართულზე უკვე ნაცემი აიყვანეს და აიძულებდნენ ხელი მოეწერა გამოკითხვის ოქმზე, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ის ჯერ არ იყო გამოკითხული. უარის თქმის შემდეგ დაიწყო მისი გამოკითხვა [გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი]. ამის შემდეგ მასთან კვლავ ნიღბიანები შევიდნენ და ისევ სასტიკად გაუსწორდნენ ფიზიკურად.
“სამი ადამიანი მაკავებდა და ესენი ისევ ძალადობდნენ ჩემზე. თავზე გადამამტვრიეს ხის ნივთები. ნიღბიანი აპირებდა ცხვირში დარტყმას და თავი გავწიე. როდესაც მორჩნენ, ისევ დაუძახეს გამომძიებელს და გამომძიებელმა გააფორმა ოქმი”, – ამბობს სხვიტარიძე.
საბა სხვიტარიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად, პროკურატურა მას ედავება, რომ 2024 წლის 4 დეკემბერს, საღამოს საათებში, თბილისში, სასტუმრო “მერიოტის” მიმდებარედ, თავს დაესხა პოლიციელს – მირიან ქავთარაძეს და თავში ორჯერ ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი.
საბა სხვიტარიძე ბრალს არ აღიარებს. დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამავე თემაზე: