პროევროპულ აქციებზე დაკავებული საბა სხვიტარიძე მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პატიმრობაში დატოვა.
მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სხვიტარიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
სასამართლოში ის სიტყვითაც გამოვიდა და მიმართა როგორც მოსამართლეს, ისე პროკურორ როინ ხინთიბიძეს. სიტყვის დასასრულს მან სოლიდარობა გამოუცხადა იმ პატიმრებს, რომლებიც, მისი შეფასებით, მის მსგავსად, პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებული. მათ შორის, ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს.
“მე პოლიტიკური პატიმარი ვარ და პოლიტიკურ ხასიათს ატარებს ეს პროცესიც. თუმცა პატარა იმედი მაინც მაქვს, სასამართლო, ამ შემთხვევაში, რაღაც ლოიალობას გამოიჩენს.
მე დამაკავეს იმის გამო, რომ მე და ჩემთან ერთად მყოფებს თავს დაგვეხსა ტიტუშკა. ეს არ იყო პოლიციელი. ეს იყო ტიტუშკა, რომელიც თავს დაგვესხა, რომელსაც არანაირი საცნობი ნიშანი არ ჰქონდა პოლიციელის. ეცვა ჩვეულებრივად – კაპიუშონი ეხურა, პირბადე ეკეთა. იძალადა ქალზე, გვაგინებდა და აგრესიით გამოირჩეოდა ჩვენი მიმართულებით.
მე მოვიგერიე ის. ამის გამო მე გამიტაცეს. მე მაწამეს განყოფილებაში ორჯერ, რის შემდეგაც ეს არ იკმარეს და მკაცრი რეჟიმის იზოლატორში გამამწესეს და დამაბრალეს პოლიციელზე ძალადობა, რაც არის სრული აბსურდი.
თუ ვინმეა ამ საქმეში დამნაშავე, ეს არის ის ტიტუშკა, მირიან ქავთარაძე, თუ არ ვცდები, და ის მოძალადე პოლიციელები, რომლებმაც ჩემზე იძალადეს. ამ საქმეში მე დაზარალებულადაც მცნეს და აქამდე არც ერთი პოლიციელი არ დაკავებულა .
ბატონო პროკურორო, თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას, თქვენ რომ თავს დაგსხმოდნენ და თქვენთან ერთად მდგომი ქალისთვის სახეში გაერტყათ, საფრთხე შექმნოდა თქვენს მეგობრებს და თქვენ. თავს დაუხრიდით და არაფერს არ მოიმოქმედებდით? “გაატარებდით” ქალზე ძალადობას და გინებას? აი, ეს არის თქვენი სამართალი, სამწუხაროდ.
მე მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს. მე დამაკავეს, მაგრამ თავისუფლება ვერ წამართვეს. საკნის კედლები, სულ რომ კუბოსავით შემივიწროვონ, ჩემზე თავისუფალი მაინც ვერ იქნებით.
სასამართლოს ყოველი უსამართლო გადაწყვეტილებით საქართველოს და ქართველი ხალხის დემოკრატიულ მომავალს უქმნით საფრთხეს. ძირს უთხრით ევროპულ მომავალს და მიგვაქანებთ რუსეთში, ირანსა და ჩინეთში. როგორ შეიძლება, ასობით, შეიძლება ათასობით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე და 53 სისხლის სამართლის საქმეზე მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურა იყოს მართალი?! როგორ შეიძლება, ერთხელ მაინც არ შეცდეს და ერთი მოქალაქე მაინც არ გამართლდეს?! რანაირი პრაქტიკაა ეს?! ღმერთზე მართლები როგორ არიან ეს პროკურორები?! ეს არის დიქტატურა. ეს არის უსამართლობა.
მე არ ვიცი, რას გიხდიან, ან რით გაშინებენ, აი, ამ ახალგაზრდების ცხოვრების დანგრევისთვის და უკანონობის დაკანონებისთვის. თუმცა მოვა დრო და ხალხის წინაშე გადაიხდით ვალს. მოვა დრო და ხალხი გამოგიტანთ განაჩენს ყოველი თქვენი ქმედების გამო. იფიქრეთ მომავალზე, იმ მომავალზე, რომელსაცახალგაზრდებს ართმევთ თქვენი გადაწყვეტილებებით.
დღეს შეიძლება მე დამაკავეს, მაგრამ ყველას ვერ დაგვიჭერთ. ქართველი ხალხი არ დათმობს ევროპულ მომავალს, ქართველი ხალხი არ დაიჩოქებს პოლიციური რუსული რეჟიმის წინაშე. მოვა დრო და როდესაც გამოუყენებლები იქნებით რეჟიმისთვის, ისინიც მოგიშორებენ თავიდან და უსამართლობის წინაშე თქვენც დადგებით. მარტო. რადგან ამ უსამართლობის დამკანონებლები თქვენ იქნებით.
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს,თავისუფლება მზიას”, – განაცხადა სხვიტარიძემ სასამართლოში.
საბა სხვიტარიძე 5 დეკემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. ის ამბობს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში ნიღბიანებმა სასტიკად სცემეს, მათ შორის სხვადასხვა მძიმე საგნის გამოყენებით.
6 დეკემბერს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დღეს, 28 იანვარს კი, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პატიმრობაში დატოვა.