ადვოკატი დავით გამყრელიძე ადასტურებს, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილთან ციხეში იყო შესული და საპროცესო შეთანხმების სცენარიც განიხილა, თუმცა უარყოფს, რომ ბრალის აღიარებას და სხვების დადანაშაულებას სთხოვდა.
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ბრალდებული ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა, ელგუჯა ავსაჯანიშვილმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოშიმშილე პატიმართან ოჯახთან შეუთანხმებლად შევიდა ადვოკატი დავით გამყრელიძე, „სთხოვდა ეღიარებინა დანაშაული და ხელი დაედო ბიჭებისთვის“.
დავით გამყრელიძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილთან საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი ომარ ოკრიბელაშვილის თხოვნით შევიდა, უფრო მეტიც — მოახერხა და ჯავახიშვილი და ოკრიბელაშვილი ერთმანეთს ციხეში შეახვედრა. გამყრელიძე ამბობს, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილის ნებართვის გარეშე შეხვედრა ვერ შედგებოდა, თუმცა არ აკონკრეტებს, როგორ შეათანხმა ციხის ადმინისტრაციასთან ან/და პროკურატურასთან, ორი ბრალდებული ერთმანეთს შეეხვედრებინა.
ომარ ოკრიბელაშვილი, რომლის ინტერესებსაც დავით გამყრელიძე იცავდა, 400-ლარანი ჯებირის დაზიანების საქმეზე 2024 წლის 16 მაისს დააკავეს. მან ბრალი აღიარა და 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ, საპროცესო შეთანხმებაზე მორიგდა. საპროცესო შეთანხმების პირობებით, ომარ ოკრიბელაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.
„ომარმა მთხოვა, შევიდე და მოვინახულო ნიკოლოზ ჯავახიშვილი. დაარიგეო, შიმშილობსო. მუსიკოსია და არ ესმისო [სამართლებრივად]. შევედი და დაველაპარაკე. ეს ორი ადამიანი შევახვედრე ერთმანეთს, გაცვალეს ერთმანეთში ინფორმაცია… ბრალის აღიარება არ შემითავაზებია. როცა ადვოკატი ესაუბრება ბრალდებულს, საუბარი არის ყველა ნიუანსზე, მათ შორის, გამარჯვებაზე; საპროცესოზე, განრიდებაზე… 21 წელს ქვემოთ არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მუხლი, უნდა შესთავაზო განრიდება. მაგრამ გაახსენდათ [ჯავახიშვილს ადვოკატს]? ამ ნიუანსებზე გვქონდა საუბარი, მათ შორის საპროცესოზეც. ამ ბავშვს საერთოდ არ უთქვამს, რომ არ უნდა აღიარება. ის რეალურად ვერ ერკვევა. ან რა არის ასაღიარებელი, ვიდეოში ჩანს, რომ გაისროლა ზევით [პიროტექნიკა]. თუმცა ეს ისეთი მუხლია, მაღალი ალბათობით დადგება გამამტყუნებელი განაჩენი. რისკები შევაფასე, რაც მთხოვა ომარმა. განვიხილეთ აბსოლუტურად ყველა სცენარი: საპროცესო, განრიდება“, — განაცხადა გამყრელიძემ.
მან სისულელე უწოდა ცნობას, რომ ჯავახიშვილს გათავისუფლების სანაცვლოდ სხვებისთვის ხელის დადება შესთავაზა.
ამასთან, დავით გამყრელიძე გამოეხმაურა ეჭვებს იმის შესახებ, რომ ის ხელისუფლების „მიგზავნილია“ და იცავს პოზიციას, რომ ოკრიბელაშვილის შემთხვევაშიც მიზანშეწონილი იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმება.
„ატრიალებენ საპროცესო შეთანხმებას… ვიღაცამ მითხრა, ხელისუფლებას ხომ არ წარმოადგენო? ხელისუფლებას კი არ წარმოვადგენ, სწორი და სამართლებრივი მექანიზმით უნდა მუშაობდეს [ადვოკატი], რომ ადამიანი ან გამართლდეს, ან გარეთ გამოვიდეს. როდესაც საქმე არის უიმედო და დაცვას გამართლების შესაძლებლობა მოჭრილი აქვს, უნდა უთხრას ბრალდებულს, რომ შეცდომაში არ შეიყვანოს. ხალხს უკვირს საბას და ომარის აღიარება, მაგრამ მტკიცებულებები საქმეშია და მოდით, სამართლებრივად მივუდგეთ და ყველაფერს ნუ გავაპოლიტიზირებთ. მიხეილ სააკაშვილები ან ზვიად გამსახურდიები ხომ არ არიან, ესენი არიან ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც ახლა იწყებენ ცხოვრებას. მესმის შემართება, გულის ანთება, მაგრამ 5 წელი მოხვდებიან ციხეში, მერე გაიაზრებენ, ნეტა გარეთ გავსულიყავიო. რომელი ადვოკატებიც ამბობენ, რომ გავამართლებთო, შესაძლებელია გამართლდეს, კი, მაგრამ რომ არ გამართლდეს?“ ,— განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ საქმის ბოლო ეტაპზე, როდესაც ბრალი დამტკიცებისკენაა, არც პროკურატურა თანხმდება ხოლმე საპროცესო შეთანხმებას.
მოგვიანებით ელგუჯა ავსაჯანიშვილმა გაავრცელა ნიკოლოზ ჯავახიშვილის ხელწერილიც, რომელშიც ვკითხულობთ:
„ჩემთან 7 თებერვალს შემოსული იყო ვინმე დავით გამყრელიძე. გამეცნო როგორც ადვოკატი, რომელიც არ იყო ჩემი ოჯახის მიერ დაქირავებული ან შემოგზავნილი. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მარწმუნებდა, რომ მეღიარებინა ის დანაშაული, რომელიც არ ჩამიდენია და სხვებისთვის დამედო ხელი. რა თქმა უნდა, მან ჩემი დარწმუნება ვერ შეძლო. ასეთი არაკაცური საქციელის ჩადენის და ტყუილად დანაშაულის თავზე დაბრალების, როცა მსგავსი არაფერი ჩამიდენია… არ ვიცი, რა მოტივაცია ჰქონდა ამ ადამიანს ან რა განზრახვა ამოძრავებდა”.
20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება და მას 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ის მეშვიდე დღეა, შიმშილობს.