დროებითი ჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებული ახალგაზრდები, 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 24 წლის საბა მეფარიშვილი თავისუფლები არიან. წელიწად-ნახევრიანი პატიმრობის შემდეგ მათ ლაითურის ციხე დღეს, 14 ნოემბერს დატოვეს.
ოკრიბელაშვილი და მეფარიშვილი 2024 წლის 16 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დააკავეს. პროკურატურა მათ ედავებოდა ჯგუფურად ნივთის დაზიანებას – საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მფლობელობაში არსებული რკინის ჯებირზე, რომელიც პარლამენტის შესასვლელთან იყო დამაგრებული. ჯებირის ღირებულება 250 ლარი იყო, მისი შეკეთება კი უწყებას 150 ლარი დაუჯდა. სახელმწიფოსთვის მიყენებული, ჯამში, 400-ლარიანი ზიანისთვის მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ.
თავდაპირველად ოკრიბელაშვილი და მეფარიშვილი წარდგენილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებდნენ – ამბობდნენ, რომ ჯებირი დააზიანეს, თუმცა უარყოფდნენ ჯგუფურად მოქმედებას. ადვოკატები მოითხოვდნენ, ერთი მხრივ, მათი ბრალდებისთვის მოეხსნათ ჯგუფურობის კვალიფიკაცია, მეორე მხრივ კი, მოსამართლეს გაეთვალისწინებინა ბრალდებულთა ასაკი, კონტექსტი, წარსული საქმიანობა და განესაზღვრა მიყენებული ზიანისა და ახალგაზრდების ინტერესების შესაბამისი სასჯელი.
საბოლოოდ, 2025 წლის 20 იანვარს, მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს – მათ წარდგენილი ბრალი სრულად აღიარეს, სანაცვლოდ კი სასჯელის სახედ მხოლოდ 3 წელი განესაზღვრათ, რაც ამნისტიით 2,5 წელი გახდა. აქედან ერთი წელი პირობით სასჯელად ჩაითვალა, ხოლო წელიწად-ნახევარი — სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად.
საპროცესო შეთანხმება მათ 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ გაუფორმეს, შესაბამისად, შეთანხმების შემდეგ ციხეში კიდევ 10 თვე გაატარეს და დღეს გათავისუფლდნენ.
ამავე თემაზე:






