საზოგადოება

ოკრიბელაშვილს და მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

20 იანვარი, 2025 •
ოკრიბელაშვილს და მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

400-ლარანი ჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებული ახალგაზრდებს, 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილს და 23 წლის საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა განაცხადეს, რომ საპროცესო შეთანხმებაზე მოილაპარაკეს. ბრალდებულებმა თქვეს, რომ ბრალს აღიარებენ და ეთანხმებიან საპროცესო შეთანხმების პირობებს. საპროცესო შეთანხმების პირობებით, ომარ ოკრიბელაშვილს და საბა მეფარიშვილს სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, რაც ამნისტიით 2,5 წელი გახდა. აქედან ერთი წელი პირობით სასჯელად ჩაითვალა, ხოლო წელიწად-ნახევარი — სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად. ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი 8 თვეა სასჯელს იხდიან, შესაბამისად, ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებენ. მოსამართლე ნათია გუდაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე.

ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი 2024 წლის 16 მაისს დააკავეს. პროკურატურა მათ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მფლობელობაში არსებული რკინის ჯებირზე, რომელიც პარლამენტის შესასვლელთან იყო დამაგრებული. ჯებირი ღირებულება 250 ლარი იყო, მისი შეკეთება კი უწყებას 150 ლარი დაუჯდა. დაკავებულები ბრალს ნაწილობრივ აღიარებდნენ – ამბობდნენ, რომ ჯებირი დააზიანეს, თუმცა უარყოფდნენ ჯგუფურად მოქმედებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი