რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაკავებულ ორ მოქალაქეს, გიორგი კუჭუაშვილსა და დავით კოლდარს პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ დღეს, 4 თებერვალს მიიღო.
ორივე მათგანი 2024 წლის აპრილში დააკავეს, თუმცა, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სიტუაციაში. მათ ბრალიც სხვადასხვა მუხლით ჰქონდათ წარდგენილი. თუმცა მოსამართლე ჯინჯოლია ორივეს საქმეს ერთად განიხილავდა.
გიორგი კუჭუაშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მას 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
კუჭუაშვილს პროკურატურა ედავებოდა ნახევრად ცარიელი წყლის ბოთლის პოლიციელების მიმართულებით სროლას. მან ფაქტი დაადასტურა, თუმცა ამბობდა, რომ არ ჰქონდა რომელიმე კონკრეტული პოლიციელის, ან ზოგადად პოლიციელების დაზიანების მოტივაცია. მისი ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე განმარტავს, რომ პროკურატურამ ეს მოტივაცია მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა. მას მოლოდინი ჰქონდა, რომ მოსამართლე წარდგენილ ბრალს სხვა, უფრო მსუბუქი მუხლით გადააკვალიფიცირებდა.
“ნახევრად ცარიელი ბოთლის სროლა არ შეიძლება შეფასდეს თავდასხმად. შესაბამისად, სასამართლოში ვსვამდით იმ საკითხს, რომ აღნიშნული კვალიფიკაცია არ ასახავდა და არ შეესაბამებოდა გიორგი კუჭუაშვილის მოქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა, დადგენილი კონკრეტული განზრახვა და მიზნაი, რომ გიორგი კუჭუაშვილს ნამდვილად ჰქონდა განზრახვა, რომ დასხმოდა პოლიციელებს თავს ნახევრად ცარიელი პოლიეთილენის ბოთლის გამოყენებით, მოსამართლემ მაინც მიიღო გადაწყვტილება [პატიმრობა მიესაჯა].
[…] მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ არ გააკეთა განმარტება, არანაირი მითითება, რატომ გადაწყვიტა მოსამართლემ ასე, რატომ ჩათვალა, რომ სახეზე იყო ნამდვილად თავდასხმა და თუნდაც, არა სხვა მუხლი, პირობითად, რასაც ნაწილობრივ, გიორგი კუჭაშვილიც არ უარყოფდა. აღნიშნავდა გიორგი იმ ფაქტს და დღესაც აღნიშნა, რომ ბოთლის სროლის ფაქტი მისი მხრიდან განხორციელებული იყო არა რომელიმე და ზოგადად, პოლიციელებზე თავდასხმის მიზნით, [არამედ] კონკრეტული პოლიციელების ჯგუფის მიმართ წინააღმდეგობით და ეს წინააღ იყო მისი მოქალაქეობრივი პოზიცია”, – განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.
მიხეილ ჯინჯოლავას მიერ გადაწყვეტილების დასაბუთებისა და სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ ის აპირებს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.
რაც შეეხება დავით კოლდარს, მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. მას 2 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა.
გუშინ პატიმრობა მიუსაჯეს რუსული კანონის აქციების დროს პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ მოქალაქეს, გიორგი ოკმელაშვილს.
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ოკმელაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებაც 9-თვიანი განხილვის შემდეგ მიიღო.