მედიის ადვოკატირების კოალიცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საზმაუ არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სტანდარტებს, არ ითვალისწინებს თავისივე ჟურნალისტების ნაწილისა და საზოგადოების ლეგიტიმურ მოთხოვნებს და მიკერძოებულია „ქართული ოცნების“ მიმართ.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის მიკერძოებული საქმიანობა განსაკუთრებით საგანგაშოა დღეს, როდესაც ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობა უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავს „ქართული ოცნების” მიერ მიტაცებული არჩევნების, წამების, მასობრივი ძალადობის, მათ შორის მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებისა და პოლიტიკური პატიმრების გამო. ამ კრიტიკულ პერიოდში მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკა მიზანმიმართულად უგულებელყოფს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქებას და ცხადად წარმოაჩენს „ქართული ოცნების” მიმართ აშკარა მიკერძოებას.
საზოგადოებრივი მაუწყებელი უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე წამყვან საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდაციებს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის, ანგარიშვალდებულებისა და მედიაპლურალიზმის კუთხით. მაუწყებლის ხელმძღვანელობა სრულად უგულებელყოფს სამეურვეო საბჭოს და საკუთარი ჟურნალისტების ნაწილისა და საზოგადოების ლეგიტიმურ მოთხოვნას საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიის ფორმატების გაფართოების შესახებ.
„ქართული ოცნების” წინააღმდეგ მიმართული უწყვეტი პროტესტის პარალელურად, ყოველდღიური აქციები ტარდება საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინაც. პროტესტი გამოწვეულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკის წინააღმდეგ. საინიციატივო ჯგუფის განმარტებით, გასული წლის დეკემბრის თვეში საგანგებო ეთერის ფორმატში საზოგადოებისთვის მცირე საეთერო დროის მოპოვება შესაძლებელი გახდა, თუმცა მალევე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიცემული პირობა დაარღვია და სახალხო ეთერი არ აღადგინა”, — ნათქვამია მედიაკოალიციის განცხადებაში.