თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ თავისი პირველი განაჩენი გამოიტანა სინდისის პატიმრების საქმეებში და 26 წლის ანრი კვარაცხელიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

„დიდი მადლობა, რომ ასე შეწუხდით და ჩემს საქმეზე დადიხართ. მომისაჯეთ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ამაყი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის გვერდით ვიდექი. ვერც თავი გავიგე და ვერც ბოლო, რას მედავებიან და რის გამო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ჩემ გვერდით დგახართ. დედიკოს მიმიხედეთ, როცა ჩამოვა, რადგან ემიგრაციაში მყავს. გკოცნით და ძალიან მიყვარხართ“, — თქვა ანრი კვარაცხელიამ განაჩენის გამოცხადებამდე.

სხდომა, რომელზეც ანრიმ თავისი ბოლო სიტყვა თქვა და მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განაჩენი გამოაცხადა, სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

„მალე გამოვალ“, — ეს იყო ბოლო შეძახილი, რაც ანრისგან გავიგეთ, როცა ბადრაგს დარბაზიდან გაჰყავდა. ანრის დედა ემიგრაციაშია, მაგრამ დარბაზში ტიროდნენ სხვა სინდისის პატიმრების დედები, გიორგი მინდაძის დედა, ნანი წულაია, თორნიკე გოშაძის დედა, მარიზი კობახიძე. როცა დერეფანში მანდატურები ხალხის ნაკადის რეგულირებას ცდილობდნენ, ნანი და მარიზი სხდომათა დარბაზში ამ სიტყვებით შევიდნენ, — „ჩვენც მისი დედები ვართ“.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ემიგრაციიდან ანრის დედის ზარი შემოვიდა. „არ ინერვიულო, მიუსაჯეს, მაგრამ გპირდებით, ამდენ ხანს ციხეში არ გაატარებს!“ — ასე ამხნევებდნენ სხვა დედები ანრის დედას.

აფხაზეთიდან დევნილ ოჯახში დაბადებული ანრი კვარაცხელია 5 დეკემბერს, გამთენიისას, სახლში დააკავეს. მას ედავებოდნენ პირველ დეკემბერს აქციაზე გდდ-ს თანამშრომლების მისამართით მოლოტოვის კოქტეილის სროლას, რამაც „საფრთხე შეუქმნა მათ ჯანმრთელობას“.

კვარაცხელიასგან დაზარალებული და ჯანმრთელობადაზიანებული სპეცრაზმელი არ არსებობს. ვიდეოზე, რომელიც მტკიცებულებად წარმოადგინა პროკურორმა როინ ხინთიბიძემ, თითქოს, ანრი კვარაცხელია ისვრის მოლოტოვის კოქტეილს, დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზის ფარგლებში, სამხარაულის ექსპერტმა განაცხადა, რომ პირის იდენტობის დადგენა შეუძლებელია.