ახალი ამბები

საჯარო აქტივობის საპასუხოდ, ცენტრის ლიკვიდაციაზე გვაცნობეს — პარლამენტის კვლევითი თანამშრომლები

21 იანვარი, 2025 •
საჯარო აქტივობის საპასუხოდ, ცენტრის ლიკვიდაციაზე გვაცნობეს — პარლამენტის კვლევითი თანამშრომლები

პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლების განცხადებით, 5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობის საპასუხოდ ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ განუცხადეს.

განცხადება ამის შესახებ პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა — სალომე ნატროშვილმა, მარიამ ჩაჩუამ და ნინი ლეჟავამ — ჟურნალისტებს დღეს, პარლამენტთან გამართულ ბრიფინგზე გააცნეს.

„დღეს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა ამავე დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს გვაცნობა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ცენტრის 5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობას, რომელთაც ხელი მოაწერეს „საჯარო სექტორში დასაქმებულთა“ ერთობლივ განცხადებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხის 2028 წლამდე დღის წესრიგში არდაყენებასთან დაკავშირებით და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ განხორციელებული ძალადობის დაგმობის შესახებ.

ჩვენ, აღნიშნულ განცხადებაზე პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებიდან ხელმომწერი პირები, მითითებულ ქმედებას ვაფასებთ, როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული კეთილსინდისიერი თანამშრომლების მიმართ დაწყებული რეპრესიების მორიგ გამოვლინებას და საჯარო სექტორში დასაქმებულ მოქმედ თანამშრომლებში შიშის დანერგვის მცდელობას.

ჩვენ აღნიშნულს მივიჩნევთ სისტემის მხრიდან საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა მიმართ განსხვავებული მოსაზრებისა და სხვა პოლიტიკური ნიშნით დევნისა და მარგინალიზაციის პროცესის დაწყების ღია აღიარებად!

პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილების საპასუხოდ, ჩვენ გამოვიყენებთ ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში არსებული სამართლებრივი დაცვის ყველა მექანიზმს და ვიბრძოლებთ საკუთარი და ჩვენი კოლეგების უფლებების დასაცავად!”- ნათქვამია განცხადებაში.

სალომე ნატროშვილის თქმით, პარლამენტის კვლევით ცენტრს მხრიდან დღევანდელ დღემდე რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ საუბარი არ ყოფილა. მისი თქმით, დეპარტამენტში დასაქმებულია 20 ადამიანი და ისინი სამსახურის დაკარგვის წინაშე აღმოჩნდნენ.

ნატროშვილის თქმით, დღევანდელი შეკრება კვლევით ცენტრში იყო პასუხი „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ვრცელ, კრიტიკულ ინტერვიუზე. 20 იანვარს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ცენტრის სამმა მოქმედმა თანამშრომელმა — სალომე ნატროშვილმა, მარიამ ჩაჩუამ და ნინი ლეჟავამ — საჯარო სექტორის თანამშრომლების პეტიციის გავრცელებისა და მასზე ხელმოწერის შემდგომ სამსახურში შექმნილ სირთულეებსა და მტრულ გარემოზე ისაუბრეს. ასევე, გააკრიტიკეს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები.


28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების საკითხის 2028 წლამდე გადავადების შესახებ განაცხადა, რაც არაერთმა საჯარო მოხელემ ღიად გააკრიტიკა.

მას შემდეგ, რაც ასობით საჯარო მოხელე ღიად გაემიჯნა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე, პარტიამ საპასუხო ზომად საჯარო სამსახურის შესახებ კანონის დაჩქარებულად შეცვლა გადაწყვიტა.

ბოლო დღეებში არაერთმა საჯარო მოხელემ, რომელსაც კრიტიკული პოზიცია აქვს დაფიქსირებული „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, განაცხადა, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი