აშშ-ის პრეზიდენტის, ტრამპის ინაუგურაციაზე “ქართული ოცნების” მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ მიიწვიეს. ეს ინფორმაციას “ნეტგაზეთს” “ოცნების” პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა დაუდასტურა.
ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ცერემონიაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა მიიწვია. უილსონი საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად სწორედ ზურაბიშვილს მიიჩნევს. გარდა ამისა, ის მხარს უჭერს საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას, რადგან ეს მიაჩნია ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვის ერთადერთ გზად.
გარდა ამისა, გუშინ, 8 იანვარს, უილსონმა დემოკრატ კოლეგასთან, სტივ კოენთან ერთად “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” წარადგინა. კანონპროექტი ამერიკის ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს უკრძალავს “ოცნების” ხელისუფლებად აღიარებას და, შესაბამისად, მათთვის ფინანსური მხარდაჭერის გაწევას.
“ქართული ოცნება” მუდმივად ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ტრამპი მათი მოკავშირეა. ამის შესახებაა საუბარი გუშინ, 8 დეკემბერს, პარტიის პოლიტსაბჭოს სახელთ გამოქვეყნებულ განცხადებაშიც. თუმცა ამავე განცხადებაში ტრამპის თანაპარტიელი უილსონი მოხსენიებულია როგორც “დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით”.
კონგრესში “ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” წარდგენამდე ცოტა ხნით ადრე უილსონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოში ხელახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე ტრამპთან ერთად მუშაობს.
“მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, ჯო უილსონის მოწვევით. ამაში არავინ ფულს არ იხდის. ფულს რომ იხდიდეს ვინმე, არის ხალხი, ვისაც ჩემზე მეტი აქვს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 9 იანვარს, ჭოველიძის #4-ში, მის ახალ ოფისში, სადაც მან ათონელის სასახლის დატოვების შემდგე პირველი პრესკონფერენცია ჩაატარა.