ახალი ამბები

“ოცნებამ” ელჩების კონფერენცია კახეთში ჩაატარა, ყაველაშვილიც დაესწრო

30 დეკემბერი, 2024 •
“ოცნებამ” ელჩების კონფერენცია კახეთში ჩაატარა, ყაველაშვილიც დაესწრო

“ქართულმა ოცნებამ” ელჩების ყოველწლიური კონფერენცია წელს კახეთში გამართა, მას “ოცნების”  პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და  ირაკლი კობახიძეც დაესწრნენ.

„ელჩების კონფერენცია 2024: საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში“ 28 დეკემბერს გაიხსნა და დღეს, 30 დეკემბერს დასრულდა. მასში მონაწილეობას იღებდნენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური სფეროს წარმომადგენლები.

ირაკლი კობახიძემ ქართველ დიპლომატებს საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ  აღნიშნა, რომ “2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის მისაღწევად”.

კობახიძის თქმით, ევროინტეგრაციის თემა ხშირად გამოიყენება სპეკულაციებისთვის კონკრეტული საერთაშორისო სუბიექტების მხრიდან.

“ჩვენ ფართო რეგიონში ვართ ლიდერი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით და ამ დამსახურებასაც სჭირდება შესაბამისი დაფასება. ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამოხატულებაა ის, რომ საქართველო გამოირჩევა ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპით. საქართველო არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპაში არის ნომერ პირველი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების თვალსაზრისით და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დაჩქარება, ესეც ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. დღეისათვის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უმეტესობა შესრულებულია და აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით. 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის მისაღწევად“,- თქვა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი