ევროპარლამენტი გმობს ოპოზიციის მიმართ რეპრესიებს და მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრებას, — განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ პლენარულ სესიაზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუსმინეს.
„როდესაც თქვენ ბოლოს ეწვიეთ ევროპარლამენტს, ჩვენ განვიხილეთ ქვეყნის პროგრესი ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ. დღეს ეს მოგზაურობა საფრთხის ქვეშაა. ევროპარლამენტი გმობს ოპოზიციის ნებისმიერ რეპრესიას და მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრებას. ეს ქმედებები არის უკუქცევა წარმატებული ნაბიჯებიდან, რომლებიც ერთად გადავდგით ბოლო წლებში“, — მიმართა რობერტა მეცოლამ სალომე ზურაბიშვილს.
ამ სიტუაციის საპასუხოდ, მეცოლას თქმით, ევროპარლამენტმა ევროკავშირს მოუწოდა გადამწყვეტი მოქმედებისკენ და ახლაც იმეორებს ამ მოწოდებას.
„ვიცი, რომ საქართველოში ბევრია, ვინც თავისი ქვეყნის მომავალზე შიშობს. მე ვლაპარაკობ მთელი პარლამენტის სახელით, როდესაც ვეუბნები ყველა იმ ქართველს, ვინც ევროპაში ეძებს მხარდაჭერას, რომ ისინი მარტო არ არიან. ჩვენ გხედავთ, გვესმის თქვენი, ჩვენ თქვენთან ვართ. ასე რომ, ევროპარლამენტი მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით და ჩვენი კარი ყოველთვის ღია დარჩება“, — განაცხადა მეცოლამ.