ევროპარლამენტის პრეზიდენტად ისევ რობერტა მეცოლა აირჩიეს. ის აღნიშნულ თანამდებობას მომდევნო ორ წელიწად-ნახევრის  განმავლობაში დაიკავებს.

ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა სტრასბურგში დღეს, 16 ივლისს, გაიმართა.

მალტელმა პოლიტიკოსმა რობერტა მეცოლამ, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიას“ წარმოადგენს, 562 ხმა მიიღო. მისი კონკურენტი ესპანელი პოლიტიკოსი, ირინე მონტერო იყო, რომელიც ევროპარლამენტში მემარცხენეებს წარმოადგენს. მონტეროს მხარი 61-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა.

რაც შეეხება რობერტა მეცოლას, ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოსტს 2022 წლის იანვრიდან იკავებდა.

დღეს, კენჭისყრისყრამდე მიმართვაში რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ „ეს უნდა იყოს ძლიერი პარლამენტი ძლიერ კავშირში“.

„თქვენი მხარდაჭერით, მე გავაგრძელებ დაუღალავად მუშაობას ხალხის გაერთიანებისთვის. ეს უნდა იყოს სახლი, რომელსაც არ უნდა შეეშინდეს ხელმძღვანელობისა და ცვლილებების“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.