„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ.
სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.
მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატებისგან მოლაპარაკებების გახსნა შანტაჟისთვის გამოიყენება და საქართველოს სთხოვენ ისეთ რეფორმებს, რომლებიც ღირსებაზე უარის თქმას ნიშნავს. ამაში კობახიძე სხვა საკითხებთან ერთად გულისხმობს რუსული კანონის და ცენზურის დამწესებელი კანონის გაუქმებას.
„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და, როგორც დღეს დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი გვექნება შესრულებული. ამასთან, ყველა ამ ვალდებულებას შევასრულებთ საკუთარი დაფინანსებით, ევროკავშირის ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე. ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას, გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის მტკიცებით, მოლაპარაკებების გახსნის თარიღი ევროკავშირში გაწევრიანების თარიღს არ განსაზღვრავს და „მთავარია არა ის, თუ როდის გავხსნით მოლაპარაკებებს, არამედ ის, თუ როდის დავხურავთ მას“.
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო და იმის გამო, რომ ქვეყანას არ აქვს პროგრესი მოლაპარაკებების გახსნისთვის საჭირო 9 რეკომენდაციის შესრულების გზაზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.
ამასთან, ევროკომისია თავის ბოლო ანგარიშში აღნიშნავს, რომ თუ საქართველო არ შეცვლის მოქმედების ამჟამინდელ კურსს, რაც საფრთხეს უქმნის მის გზას ევროკავშირისკენ და არ აჩვენებს ხელშესახებ ძალისხმევას გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად და საკვანძო რეფორმების განსახორციელებლად, არ ექნებათ შესაძლებლობა, საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია განიხილონ.
რაც შეეხება საბიუჯეტო დახმარებას, ევროკავშირი საქართველოს 121 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას უჩერებს დემოკრატიის უკუსვლის გამო. კერძოდ, ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, შესაბამისად, დაიკარგება 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი;
გარდა ამისა, ევროკავშირმა გაყინა 30 მილიონი ევროს დახმარება, რომლის გადმორიცხვა საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) იგეგმებოდა. ევროპული სამშვიდობო ფონდი შეიქმნა 2021 წლის მარტში, რათა დააფინანსოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ქმედებები სამხედრო და თავდაცვის სფეროებში, კონფლიქტის თავიდან აცილების, მშვიდობის შენარჩუნებისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით. მაგალითად, ამ ფონდიდან 2021 წელს საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად 12 750 000 ევრო გამოიყო, 2022 წელს — 20 მილიონი.
საერთაშორისო ორგანიზაციებიდან საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორი ევროკავშირია, თუმცა საგრანტო დახმარება 2025 წლის პროექტით 93%-ით მცირდება. ევროკავშირის გრანტის ოდენობა 2025 წლის პროექტით 7 მილიონი ლარია, როცა 2024 წლის გეგმა 105 მილიონი ლარი იყო.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის განცხადებით, დააყენებს წინადადებას, საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი 100 მილიონი ევროს დახმარება სამოქალაქო საზოგადოებას გადაეცეს.