ახალი ამბები

არჩევნების თვეში სავალუტო რეზერვები 627,5 მლნ დოლარით შემცირდა

8 ნოემბერი, 2024 •
არჩევნების თვეში სავალუტო რეზერვები 627,5 მლნ დოლარით შემცირდა

მიმდინარე წლის ოქტომბერში, ერთ თვეში, ოფიციალური სარეზერვო აქტივები 627,5 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

აქედან 640,5 მილიონით შემცირდა უცხოური ვალუტის რეზერვები, 24 მილიონით გაიზარდა საერთაშორისო რეზერვები ოქროში.

ამავე ნიშნულზე სავალუტო რეზერვები ბოლოს 2022 წლის მარტში იყო.

მთლიანი საერთაშორისო რეზერვები. წყარო: ეროვნული ბანკი

213 500 000 დოლარი ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში სავალუტო აუქციონზე ლარის კურსის დასაჭერად გაყიდა. რეზერვების ცვლილებაზე ასევე გავლენა აქვს Bmatch პლატფორმით განხორციელებულ გაყიდვებს და საგარეო ვალის ცვლილებას.

„ქართული ოცნების” ორთვიანმა დანაშაულებრივმა საარჩევნო კამპანიამ იმაზე დიდი ზიანი მიაყენა სავალუტო რეზერვებს, ვიდრე — პანდემიამ. მის აღდგენას მრავალი წელი დასჭირდება“, — აცხადებს დეპუტატი რომან გოცირიძე და დასძენს, რომ წელიწადზე ოდნავ მეტ პერიოდში რეზერვები 1,36 მილიარდი დოლარით შემცირდა, რითაც კრიტიკულ ზღვარს მნიშვნელოვნად ჩამოსცდა.

„ამ მოცულობის რეზერვები, საგარეო გადახდების მოცულობასთან შედარებით, BB რეიტინგის მქონე არცერთ ქვეყანას არა აქვს. მალე დღის წესრიგში ამ რეიტინგის გადახედვის საკითხიც დადგება“, — წერს გოცირიძე.

რეზერვების შემცირებას საარჩევნო კამპანიას უკავშირებს „ლელო“. თაზო დათუნაშვილის თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა უცხოურ ვალუტას ყიდის „ოცნების“ დავალებით და საარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სხვადასხვა ფორმით მოსყიდვის მიზნით“.

„კოლოსალური რაოდენობის ფული იქნა დახარჯული მმართველი პარტიის მიერ ქვეყანაში საარჩევნო პერიოდისთვის, რაც მოხმარდა ამომრჩეველთა მოსყიდვას, დაშინებას, არჩევნებში ჩარევას და ტოტალურ გაყალბებას. მოსალოდნელია ჩვენი სუვერენული რეიტინგის კლება 2025 წელს, გამომდინარე სისტემური იზოლაციიდან. გარდაუვალია ინფლაცია, რადგან სწორედ ინფლაციის მყისიერი ეფექტის გადასაფარად იხარჯებოდა რეზერვები და არჩევნების შემდგომ მოსალოდნელია მკვეთრი ზრდა. დიდი ალბათობით, საერთაშორისო სანქციები დააზიანებს როგორც სახელმწიფოს რეპუტაციას, ასევე ყველა სწორი ინვესტიციის პერსპექტივას“, — განაცხადა დათუნაშვილმა.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის შეფასებით, საქართველოს სავალუტო რეზერვები ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოსცდა და უფრო დაბალია, ვიდრე ის BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებში.

„ნეტგაზეთმა“ ეროვნულ ბანკს მიმართა კითხვით, იზიარებს თუ Fitch-ის შეფასებას, რა გახდა ოქტომბერში სავალუტო რეზერვების რეკორდულად შემცირების მიზეზი (გარდა სავალუტო აუქციონზე გაყიდული 213 მლნ-ისა) და როგორ აპირებს ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების შევსებას. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი