აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ შესაძლოა რუსეთთან ახალი, განახლებული საინვესტიციო შეთანხმება დადოს ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის პირობებში, რომელიც 2025 წლის თებერვალში, ვადამდელ არჩევნებზე აირჩევა. ამის შესახებ რუსული გამოცემა “ვედომოსტი” აფხაზ ოპოზიციონერ დეპუტატ კან კვარჩიაზე დაყრდნობით წერს.
კვარჩიას თქმით, კომპრომისი შეიძლება იყოს ინვესტიციების დონის აწევა რამდენიმე მილიარდი რუბლით პროექტში, რომელიც არ დაექვემდებარება თითქმის არანაირ გადასახადს, გარდა დღგ-ისა, რომელიც განახევრებულია.
გამოცემა, რომელიც აფხაზეთს “ნაწილობრივ აღიარებულ რესპუბლიკად” მოიხსენიებს, აღნიშნავს, რომ კვარჩია იყო “ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი შეთანხმების არსებული ვერსიის დამტკიცების, როგორც აფხაზების ინტერესების შეუსრულებლობისა”.
“იმ ფორმით, რომელშიც ის არსებობს [სამთავრობათაშორისო შეთანხმება მოსკოვთან ინვესტიციების შესახებ], შეუძლებელია. მაგრამ თუ რუსეთის ფედერაცია გაგებით მიუდგება, თუკი არის სახელმწიფო მიდგომა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ჩვენი მხრიდან, ვფიქრობ, რომ არანაირი პრობლემა არ გვაქვს [საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით]”, – განაცხადა კვარჩიამ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზებისთვის მტკივნეული იქნება მსხვილი რუსი ინვესტორების შემოსვლა მისი მცირე და საშუალო ბიზნესის საკვანძო სფეროში – ტურიზმსა და ლოჯისტიკაში. აფხაზი დეპუტატის თქმით, თუკი გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების გათვალისწინებით, მსხვილი რუსი ინვესტორები შემოვიდნენ ტურისტულ ინდუსტრიაში რვა წლის განმავლობაში გადასახადების გარეშე, მაშინ “უკვე გაკოტრდებიან”.
კვარჩიამ ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმების ამჟამინდელ ვერსიაში, რომლის რატიფიცირებასაც დე ფაქტო პარლამენტში 15 ნოემბერს ცდილობდნენ, “ყველა რისკი და ხარჯი ძირითადად აფხაზურმა მხარემ გაიღო”. აფხაზმა დეპუტატმა განმარტა, რომ შეღავათიანი ინვესტორებისთვის დღგ-ს განახევრება ნიშნავს, რომ სამშენებლო მასალები, რომლებიც გამოყენებული იქნება ძველი ან ახალი ობიექტების აღდგენის პროცესში, პრაქტიკულად არ იქნება გადასახადით, ხოლო აფხაზური მხარე ვალდებულია განახორციელოს ან აღადგინოს ასეთ ობიექტებზე კომუნიკაციები.
მისი თქმით, შეთანხმების გადამუშავების ერთ-ერთი გზა შესაძლოა იყოს საინვესტიციო ბარიერის ამაღლება, რომ მოხდეს კვალიფიცირება სასურველი ინვესტორების სიაში.
“ჩვენ ყველა საკითხს დაბალანსებული უნდა მივუდგეთ. ამ საკურორტო ბაზარზე შესვლის შესაძლებლობაც რომ მივცეთ, მაშინ ბარიერი უნდა არსებობდეს. მაშინ არა 2 მილიარდი [რუბლი], არამედ შესაძლოა 5 მილიარდი, 6 მილიარდი, თუ ეს არ მოეწონებათ, მაშინ რა პრეფერენციები უნდა მიიღოს” ,- თქვა კვარჩიამ.
ამასთან, აფხაზმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზეთში [დე ფაქტო], ტურიზმისა და ლოჯისტიკის “ბიუჯეტის მომტანი” ინდუსტრიებისგან განსხვავებით, მზად არიან “მოხსნან ზღვრები და ეს შეღავათები მიანიჭონ მათ, ვინც, მაგალითად, სოფლის მეურნეობით იქნება დაკავებული, სადაც რეალური პრობლემებია”.
“ვთქვათ, გაზიფიცირება – აქ არ არის პრობლემა, ეს არ გვჭირდება. IT ტექნოლოგიები, მწვანე ენერგია, ახლად აშენებული გენერაციის ობიექტები – არანაირი პრობლემა. რატომ უნდა ჩავერთოთ ისეთ სფეროში, სადაც ძირითადად ნორმალურად ვართ, ეს არის ტურიზმის სექტორი, ტრანსპორტის ლოჯისტიკა”, – განაცხადა კვარჩიამ.
გამოცემის სტატიაში ნათქვამია, რომ ” კარგად ნაცნობი წყაროს თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების ასეთი განცხადებები, დიდი ალბათობით, მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების კეთილმეგობრულობის მოსაპოვებლად არის გამიზნული, მას შემდეგ, რაც ბჟანია ადრე პოლიტიკური კრიზისის შედეგად გაათავისუფლეს.”
19 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ბჟანიას გადადგომის შესახებ განცხადება დაამტკიცა.
“ნუჟნაია გაზეტას” ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა 31-მა დეპუტატმა მიიღო, 2 ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა.
“ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი 28 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ერთმა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგი მისცა. პარლამენტმა კენჭისყრის შედეგები დაამტკიცა”, – წერს ტელეგრამ არხი.
დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი, ბადრა გუნბა შეასრულებს.
იქამდე, 15 ნოემბერს დაწყებული პროტესტის ფონზე ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ დე ფაქტო ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, გადადგომას არ აპირებდა, თუმცა, მოგვიანებით მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მზად არის, გადადგეს მას შემდეგ, როდესაც პროტესტის მონაწილეები სოხუმის სამთავრობო შენობების კომპლექსს დატოვებენ. გარდა ამისა, ბჟანიამ აღნიშნა, რომ მზად არის, შემდგომ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა კვლავ წარადგინოს.