„მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა სახეში გალაწუნებაა როგორც საქართველოს პროდასავლური საზოგადოებისთვის, ისე ყველა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ამ ქვეყანას გვერდში ედგა“, — ამბობს „ჯეოქეისის“ თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარი გიორგი ანთაძე.
ის მიიჩნევს, რომ მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ორი კრიტერიუმით შეირჩა. პირველი კრიტერიუმი მისი ანტიდასავლური პოზიციონირებაა, ხოლო მეორე- ბიძინა ივანიშვილისადმი „ყურმოჭრილი მორჩილება.
„არანაირი კრიტერიუმი არ არსებობს ყაველაშვილის წარსულში, რაც მას ღირსეულ პრეზიდენტობის კანდიდატად წარმოადგენდა. თუ რაღაც რასობრივი თეორია არ გაწუხებს, ბუნებაში არ არსებობს კრიტერიუმი, რომ ჰაბიტუსით შეარჩიო ადამიანი [თანამდებობაზე]. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ორი კრიტერიუმთ იქნა შერჩეული – ერთი მხრივ, ეს არის მარჩენლის ბრძანებებისადმი ყურმოჭრილი მორჩილება. გასაგებია, რომ იგი „ქართული ოცნების“ პოლიტიკის აბსოლუტური გამტარებელი იქნება. მეორე კრიტერიუმი, ჩემი აზრით, არის პროდასავლური საზოგადოების მიზანმიმართული დაცინვა, რომ ჩვენ შეგვიძლია, ხელგვეწიფება და რასაც გვინდა, გავაკეთებთ. ეს არის არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების მიმართ გზავნილი, არამედ პროდასავლური განწყობის დემონსტრაციული ფეხქვეშ გათელვა — ზუსტად ის ადამიანი წარმოადგინეს პრეზიდენტად, ვინც რადიკალურად ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩეოდა“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ანთაძემ.
საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.
გიორგი ანთაძის აზრით, საგარეო ურთიერთობებში ყაველაშვილის წარმომადგენლობა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მასთან თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება არა იმდენად ინდივიდუალურ ფაქტორზე, რამდენადაც დასავლეთის მიერ „ქართული ოცნების“ მიმართ არჩეულ პოლიტიკაზე.
„თუ არ იქნება ლეგიტიმაცია, ეს ახალარჩეულ პრეზიდენტსაც შეეხება. მე წარმომიდგენია, რომ ავტორიტარული ქვეყნების კლუბთან უფრო იმეგობრებს, რომელსაც აზერბაიჯანი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, რუსეთი, თურქეთი და სხვები წარმოადგენენ“, — ამბობს ანთაძე.
„ქართულმა ოცნებამ“ მომავალ პრეზიდენტად ყოფილი ფეხბურთელი და ანტიდასავლური „ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. ყაველაშვილი სამი მოწვევის პარლამენტის წევრია, რომელმაც საზოგადოებას თავი გინებით, ჩხუბით და ანტიდასავლური განცხადებებით დაამახსოვრა.
2022 წელს, მე-10 მოწვევის პარლამენტში ყოფნისას, მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, „ქართული ოცნება“ დატოვა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩა. „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატებმა მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს და თქვეს, რომ ასე უკეთ შეძლებდნენ „კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის გატანას“ და საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდებას. „ხალხის ძალა“ იქცა „ოცნების“ მთავარ რუპორად მმართველი პარტიის მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდისა, თითქოს საქართველო მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო დაისაჯა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წელს ამიტომ ვერ მიიღო.
2022 წელს სწორედ მიხეილ ყაველაშვილმა გაავრცელა ღია წერილი აშშ-ის მაშინდელი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ, სადაც აცხადებდა, რომ საქართველოს ომში ჩართვის სურვილი მოდის არა რუსეთისგან, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული ადამიანების მხრიდან. თუმცა წერილმა კითხვები გააჩინა, იყო თუ არა ნამდვილად ყაველაშვილის დაწერილი, რის გამოც „ხალხის ძალის“ წევრს მტკიცება მოუწია, რომ ტექსტის ავტორი თავად იყო. თავად კელი დეგნანმა კი ყაველაშვილის წერილს ტყუილებზე აგებული უწოდა და განაცხადა, რომ „ბოლომდე ვერც კი წაიკითხა“.
თავდაპირველად სწორედ „ხალხის ძალის“ დეპუტატების სახელით მომზადდა მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდავი რუსული კანონი, რომელიც მათ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას ითვალისწინებს. მართალია, პირველ ეტაპზედ „ხალხის ძალის“ სახელით შემუშავებული კანონპროექტი საზოგადოებრივი პროტესტის გამო ვერ მიიღეს, თუმცა ერთი წლის შემდეგ პარლამენტში „ოცნების“ ხელმოწერით შემოაბრუნეს და საბოლოოდ დაამტკიცეს.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი უდიპლომო პრეზიდენტი იქნება. საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის პრეზიდენტს განათლების ცენზს არ უწესებს. თუმცა მიხეილ ყაველაშვილს უმაღლესი განათლება დასჭირდა 2015 წელს, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურდა. მაშინ სწორედ უმაღლესი განათლების არქონის გამო ვერ შეძლო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა.
დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ ყაველაშვილის ერთადერთი ქონება 22 000 დოლარიანი ავტოფარეხია. თუმცა ყაველაშვილი იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებიც ქონებრივი დეკლარაციის შევსებას პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან. საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციის არასწორი შევსების გამო ის არაერთხელ დაუჯარიმებია.